ახალი ამბები

პოლონეთში ჰომოფობ პოლიტიკოსს ლგბტ ორგანიზაციის სასარგებლოდ თანხა გადაახდევინეს

15 ოქტომბერი, 2021 • 1491
პოლონეთში ჰომოფობ პოლიტიკოსს ლგბტ ორგანიზაციის სასარგებლოდ თანხა გადაახდევინეს

პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელს ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაციის სასარგებლოდ თანხა გადაახდევინეს. გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსმა ლგბტ თანასწორობის მარში “პედოფილიის წახალისებად” შეაფასა.

ტომას პიტუჩა პოლონეთის ქალაქ ლუბლინის საკრებულოს წევრია კონსერვატიული პარტიიდან “კანონი და სამართალი”. 3 წლის წინ ამ ქალაქში პირველად ჩატარდა ლგბტ მარში, რის შემდეგაც პოლიტიკოსმა ფეისბუკზე დაწერა:

“…ე.წ. თანასწორობის მარში, რომელიც ახალისებს ჰომოსექსუალობასა და პედოფილიას”.

აღნიშნულის საპასუხოდ, ლუბლინის მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბარტ სტაჟევსკიმ პიტუჩას სასამართლოში უჩივლა.

პირველმა ინსტანციამ პოლიტიკოსს ლუბლინის თანასწორობის მარშის ასოციაციის სასარგებლოდ 5 000 ზლოტის (3 985 ლარი) გადახდა დააკისრა. 2019 წელს ვერდიქტი მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით განმტკიცდა.

პოლონური ონლაინ გამოცემის, onet-ის თანახმად, ტომას პიტუჩა უარს აცხადებდა სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე და ღიად საუბრობდა ამის შესახებ.

“ეს არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ სასამართლოს ვერდიქტს. მე მას პატივს ვცემ, თუმცა არ ვეთანხმები. ფულს ვერ შევწირავ თანასწორობის მარშს, რადგან ის არ ესადაგება ჩემს რწმენას”, — უთხრა მან გამოცემას.

მიუხედავად პოლიტიკოსის ამ პოზიციისა, მისმა მხარდამჭერებმა ფული შეაგროვეს ხსენებული თანხის დასაფარად.

მიმდინარე კვირაში ლუბლინის ლგბტ მარშის ორგანიზატორებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მას შემდეგ, რაც პიტუჩამ ფული არ გადაიხადა, საქმეში აღმასრულებელი ჩაერია და პოლიტიკოსის ანგარიშიდან თანხა ლგბტ ორგანიზაციას გადაურიცხა.

“ჩვენ [ამ თანხას] თანასწორობის მარშის ორგანიზებისთვის, ასევე, ლგბტ ადამიანებისთვის თერაპიული დახმარების გასაწევად დავხარჯავთ”, — წერენ მარშის ორგანიზატორები.

ტომას პიტუჩა. ფოტო: Agencja Gazeta

ტომას პიტუჩა. ფოტო: Agencja

ლგბტ ადამიანების მიმართ მიმღებლობა პოლონეთში, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა უფლებების კუთხით ვითარება ამ ქვეყანაშიც მწვავდება.

საკითხს ქვეყნის მმართველი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტია აქტიურად იყენებს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგში. პრემიერ-მინისტრმა ანჟეი დუდამ ლგბტ საკითხებზე საუბრისას ისიც თქვა, რომ ეს არის “იდეოლოგია”, რომელიც “კომუნიზმზე საშიშია”. მსგავს პოზიციას იკავებს ქვეყანაში მოქმედი ძლიერი რელიგიური ინსტიტუცია — კათოლიკური ეკლესია.

პოლონეთის მმართველი პარტია წლებია, ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა ლგბტ ადამიანების მიმართ. გასულ პერიოდში, არაერთმა თვითმმართველმა ერთეულმა გამოაცხადა თავი “ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად”.

მათმა ნაწილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი