ახალი ამბები

“განსხვავებული არ ნიშნავს უარესს”  — ვარშავის პრაიდს ათასობით მოქალაქე შეუერთდა

20 ივნისი, 2021 • 1983
“განსხვავებული არ ნიშნავს უარესს”  — ვარშავის პრაიდს ათასობით მოქალაქე შეუერთდა

პანდემიის კრიზისით განპირობებული პაუზის შემდეგ, ვარშავაში კვლავ ჩატარდა ლგბტ თანასწორობის მარში, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა. მონაწილეები და ორგანიზატორები ღონისძიების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით პოლონეთში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური დებატისა და მმართველი პარტიის ხისტი დამოკიდებულების ფონზე.

მარშის მონაწილეებმა ვარშავის ქუჩები ცისარტყელას დროშებით, სხვადასხვა შინაარსის პლაკატებითა და შეძახილებით გაიარეს. 2019 წლის მსგავსად, ღონისძიებას ამჟამადაც შეუერთდა პოლონეთის დედაქალაქი მერი ოპოზიციური პარტიიდან, რაფალ ტშასკოვსკი, რომელმაც “ფეისბუქზე” დაწერა:

“თანასწორობის მარში პირველ რიგში არის გახსნილობის, ტოლერანტობისა და პატივისცემის ზეიმი. ეს არის დიდი, მხიარული მანიფესტაცია მრავალფეროვნებისა, რომლის მთავარი მიზანი ერთია: რომ ჩვენ, ყველამ, საკუთარ ქვეყანასა და ქალაქში ისე ვიგრძნოთ თავი, როგორც სახლში, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა. იმიტომ, რომ ჩვენ განვსხვავდებით — მაგრამ განსხვავებული არ ნიშნავს უარესს”.

ვარშავის მერი ლგბტ თანასწორობის მარშზე. 19.06.21 ფოტო: EPA

როგორც AFP წერს, ფერად დემონსტრაციას თან სდევდა შიში, თუ რას უქადის მომავალი პოლონეთში მცხოვრებ გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, რუსეთსა და ახლა უკვე უნგრეთში მიღებული კანონების შემდეგ.

უნგრეთმა რამდენიმე დღის წინ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს 18 წელს ქვემოთ ადამიანებისთვის ლგბტ საკითხების შესახებ ნებისმიერი მასალის ჩვენებას. კონსერვატიული მთავრობა ამბობს, რომ არსებობს მასალები, რომელთა შინაარსმაც გარკვეულ ასაკამდე მიუღწეველ ბავშვებზე, შესაძლოა, “მავნე ზეგავლენა მოახდინოს”. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ხსენებული კანონმდებლობა ლგბტ ადამიანების სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას გამოიწვევს, ამასთან, ახალგაზრდებს კრიტიკული ინფორმაციის მიღებაში ხელს შეუშლის.

ლგბტ თანასწორობის მარში ვარშავაში. 19.06.21 ფოტო: EPA

ვარშავის თანასწორობის მარშზე მისულ ერთ-ერთ ცნობილ აქტივისტს, ბარტ სტაჟევსკის, ხელში ეჭირა ბანერი, რომლითაც სოლიდარობას უცხადებდა ლგბტ ადამიანებს უნგრეთში. ის შიშობს, რომ თუ ევროკავშირი სათანადოდ არ იმოქმედებს, შემდეგი პოლონეთი იქნება.

ლგბტ ადამიანების მიმართ მიმღებლობა პოლონეთში, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა უფლებების კუთხით ვითარება ამ ქვეყანაშიც მწვავდება. საკითხს ქვეყნის მმართველი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტია აქტიურად იყენებს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგში. პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ლგბტ საკითხებზე საუბრისას ისიც თქვა, რომ ეს არის “იდეოლოგია”, რომელიც “კომუნიზმზე საშიშია”. მსგავს პოზიციას იკავებს ქვეყანაში მოქმედი ძლიერი რელიგიური ინსტიტუცია — კათოლიკური ეკლესია.

ლგბტ თანასწორობის მარში ვარშავაში. 19.06.21 ფოტო: EPA

“ჰომოფობია დიდი პრობლემაა პოლონეთში. უამრავი ადამიანია, ვინც ამას ვერ უმკლავდება. ისინი თავს იკლავენ. ლგბტ ადამიანების მდგომარეობა პოლონეთში ტრაგიკულია და ამიტომაც ვარ აქ — რათა მათ მხარი დავუჭირო”, — ციტირებს The Guardian 22 წლის სილვესტერ ციმოჩოვსკის.

მარშის კიდევ ერთი მონაწილის, 37 წლის მარტა ბორკოვსკას თქმით, პოლონეთში ლგბტ უფლებების კუთხით მდგომარეობა სულ უფრო რთულდება, თუმცა ამავე დროს, სულ უფრო იზრდება წინააღმდეგობაც. The Guardian-ის კითხვას, რას ეტყოდა მათ, ვინც თანასწორობის მარშს ეწინააღმდეგება, ქალმა ასე უპასუხა:

“მე [მათ] ვეტყოდი: ნუ გეშინიათ”.

ფოტო გარეკანზე: Wojciech Wojtasiewicz

ამავე თემაზე:

ფინანსური პრობლემების შემდეგ, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

მასალების გადაბეჭდვის წესი