ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე მოსკოვის განცხადებები მიუღებელია – საქართველო

13 ოქტომბერი, 2021 • 1313
საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე მოსკოვის განცხადებები მიუღებელია – საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ჟენევის 54-ე რაუნდის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული მხარისთვის სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე.

“განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

ქართული მხარის მიხედვით, დისკუსიის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოს მოქალაქეების მკვლელობების საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება და საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობა.

დღეს, 13 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსკოვმა ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს მოუწოდა გამყოფი ხაზის, რომელსაც რუსეთი “საზღვარს” უწოდებს, დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყება.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი