ახალი ამბები

მანიპულაციებისა და მითების სამიზნე: 100 წელი ყარსის შეთანხმებიდან

14 ოქტომბერი, 2021 • 9006
მანიპულაციებისა და მითების სამიზნე: 100 წელი ყარსის შეთანხმებიდან

13 ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდა ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც, ერთი მხრივ, თურქეთს, მეორე მხრივ კი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გაფორმდა.

შეთანხმების ძალით, მაშინდელი ბათუმის ოლქის ნაწილი თურქეთს დარჩა, დანარჩენი ტერიტორია კი, მათ შორის, ქალაქი ბათუმი — საბჭოთა საქართველოს.

ბოლო წლებში ხსენებული დოკუმენტი არაერთგზის იქცა პროპაგანდის საგნად, რაც, სხვა მანიპულაციებთან ერთად, გამოიხატებოდა მტკიცებაში, რომ ხელშეკრულების “100-წლიანი ვადის” გასვლის შემდეგ ანკარა პრეტენზიას განაცხადებდა აჭარაზე.

როგორ დაიდო და რას გულისხმობს ხელშეკრულება

ყარსის შეთანხმების გაფორმებისას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ოკუპირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ. მეორე მხრივ, რეგიონის ორი დიდი მოთამაშე — რუსეთი და თურქეთი — ახალ საზღვრებს ათანხმებდნენ.

სწორედ ამ მიზანს და ზოგიერთი ტერიტორიის ხელახალ გადანაწილებას ემსახურებოდა 1921 წლის 16 მარტის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ხსენებულ ორ სახელმწიფოს შორის.

“ეს საზღვრები, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებსაც რომ დაედასტურებინათ, ყარსში უკვე გასაბჭოებული სამი რესპუბლიკისა და თურქეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომელსაც ყარსის ხელშეკრულება ჰქვია”, — დასძენს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე “ბათუმელებთან” ინტერვიუში.

ძველი ბათუმი. წყარო: dspace.nplg.gov.ge
ძველი ბათუმი. წყარო: dspace.nplg.gov.ge

დოკუმენტის ძალით, საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, რომლებზეც პრეტენზიები ჰქონდა. მათ შორის იყო ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, არტაანისა და ართვინის ოკრუგები. მეორე მხრივ, საქართველოს დარჩა ქალაქი ბათუმი და აჭარა.

ხელშეკრულებაში ნახსენებია პირობები, რომელთა ფონზეც თურქეთი ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს ხსენებულ ტერიტორიებზე. მათ შორისაა აჭარის ავტონომია და ადგილობრივი თემების კულტურული და რელიგიური უფლებების გარანტია.

ხელშეკრულების რატიფიცირება ერევანში მოხდა 1922 წელს.

ყარსის პირობები განმტკიცდა 1992 წელს, საქართველოს აწ უკვე დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

“მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით.

მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის”, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

როგორ/რატომ იქცა დოკუმენტი მანიპულაციის ობიექტად

ყარსის შეთანხმების გარშემო მანიპულაციები გააქტიურდა გასული რამდენიმე წლის მანძილზე. ამ პერიოდში დოკუმენტთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ინფორმაცია და ინტერპრეტაცია გახმიანდა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაციის თანახმად, ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის, რის შემდეგაც  მისი პირობები სათუო ხდება.

აღნიშნული რიტორიკის გამხმიანებელნი ამტკიცებდნენ, რომ “ვადაგასული” ხელშეკრულების პირობებში, თურქეთი პრეტენზიას განაცხადებდა საქართველოს ტერიტორიებზე, მეორე მხრივ კი, ახსენებდნენ რუსეთს, როგორც არსებული სტატუს კვოს შენარჩუნების ერთ-ერთ გარანტს.

“2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი და ამაზე უნდა ვიფიქროთ!

საქართველო გეოგრაფიულად ისეთ გარემოცვაშია, სადაც ყველას თავისი ინტერესების გატარება სურს. ერთ-ერთი კი თურქეთია.

საიდუმლო არ არის დავითოღლუს [თურქეთის პრემიერ-მინისტრი 2014-2016 წლებში] დოქტრინა ოსმალეთის იმპერიის გავლენების შესახებ, ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს, გაიზომოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული”, — ეუბნებოდა გაზეთს “საქართველო და მსოფლიო” პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე 2014 წლის ოქტომბერში.

თამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე

მსგავს ნარატივებს გასულ წლებში არაერთგზის ავრცელებდნენ ღიად პრორუსული მედიასაშუალებები თუ ცალკეული პირები. მაგალითად, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც “რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის” პრეზიდენტიცაა, გასული წლის ივლისში “ასავალ-დასავალს” ეუბნებოდა:

“არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალ წელს ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა და ერთადერთი, ვისაც მოსალოდნელი თურქული აგრესიისგან დაცვა შეუძლია, რუსეთია!..

დღეს რუსეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ კეთილად არის განწყობილი, მაგრამ, იმავდროულად, ვალდებულია, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და მოსახლეობა დაიცვას”.

დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი

დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 

ვებგვერდ “მითების დეტექტორის” თანახმად, კიდევ ერთი დეზინფორმაციის თანახმად, რომელიც იმავე პერიოდში ვრცელდებოდა, ყარსის ხელშეკრულება გულისხმობდა რეფერენდუმის უფლებას აჭარის რეგიონში მცხოვრები მუსლიმებისთვის.

ვებგვერდის მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსის” ბეჭდურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულს ახსენებდა დავით თარხან-მოურავიც, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

“ღიად ლაპარაკობენ და პირდაპირ წერენ აბსოლუტურ სისულელეს, რომ 2021 წელს, ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს რეფერენდუმი აჭარის სტატუსის თაობაზე”.

საკითხის გააქტიურებასთან ერთად, ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს არაერთგზის ესაუბრა თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი.

2018 წელს, “ბათუმელებთან” ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ ხელშეკრულების 100 წლისთავი საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებში არაფერს ცვლის.

ფატმა ჯერენ იაზგანი

“ყველაფერი იქნება ისე, როგორც იყო აქამდე. როცა საქართველომ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ 1990 წელს, ჩვენ ურთიერთობა დავაფუძნეთ ხელშეკრულებაზე და ასე განვსაზღვრეთ ჩვენი ურთიერთობები.

ყარსის ხელშეკრულების ას წელს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა ამ მიმართულებით. ყველა ის მითი და სპეკულაცია, რომელიც შეეხება ყარსის ხელშეკრულების ას წელს, გამოიყენება მესამე მოთამაშის მიერ, მარგინალური ჯგუფებით.

ეს მესამე მოთამაშე არ არის არც საქართველო და არც თურქეთი”, — დასძინა მან.

ყარსის ხელშეკრულება არ მოიცავს დათქმას დოკუმენტის ვადის ან მისი ამოწურვის თარიღის შესახებ. ლაშა ბაქრაძის სიტყვებით, “ხელშეკრულება მოქმედებს მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე მას არ დაარღვევს. თვითონ ხელშეკრულება არასოდეს არ მთავრდება”.

მანიპულაციის გააქტიურება და დაღმასვლა

მკვლევარი სოფო გელავა წლების მანძილზე “მედიის განვითარების ფონდში” საქმიანობდა და იქვე იკვლევდა მანიპულაციურ გზავნილებს ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

“ეს იყო მათი ერთ-ერთი წინასაარჩევნო გზავნილი. გააქტიურებული იყო ტელეკომპანია “ობიექტივზეც” და უფასო ბეჭდურ გაზეთებს არიგებდნენ, რომელშიც პერიოდულად ჩნდებოდა ხოლმე ეს თემა, მათ შორის, აჭარაშიც.

ძირითადი გზავნილი ის იყო, რომ 100 წლის შემდეგ, 2021 წელს გაუვიდოდა ვადა [ხელშეკრულებას] და რეფერენდუმით მოითხოვდნენ აჭარაში მცხოვრები მუსლიმები თურქეთთან შეერთებას”, — ეუბნება მკვლევარი “ნეტგაზეთს”.

სოფო გელავა

სოფო გელავა 

გელავა დასძენს, რომ პროპაგანდა გააქტიურებული იყო საგარეო ჭრილშიც, რაც მოიაზრებდა რუსეთს, როგორც ხელშეკრულების პირობების შენარჩუნების გარანტორს:

“და რადგანაც საქართველოს პრონატო კურსი აქვს არჩეული, თითქოს ამ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ჩვენი კურსის გამო დაგვსჯიდა რუსეთი, აღარ იქნებოდა გარანტორი.

…ანუ, ასე ვთქვათ, თურქეთს ვეღარ შეაკავებდა და თურქეთი გამოაცხადებდა თავის პრეტენზიებს, რაც სისულელეა. ეს ხელშეკრულება უვადოა და სხვა რამეს ითვალისწინებს თავისი შინაარსით”.

სოფო გელავას თქმით, ბოლო პერიოდში ეს კამპანია განელდა. „პატრიოტთა ალიანსის“ 2020 წლის წინასაარჩევნო გზავნილებიდან „ყარსის ხელშეკრულება“ ამოვარდა.

“თითქოს, ისეთი აქტიური გზავნილი აღარ იყო, ჩემი დაკვირვებით. შეიძლება, იმითაც აიხსნას, რომ მოვიდა ბოლოს და ბოლოს ეს 100 წლისთავი. ასეთი რამეებით სრულდება დეზინფორმაციის გავლენა”, — დასძენს გელავა.

“ექსპანსია”

თავად “პატრიოტთა ალიანსი” უარყოფს ამ საკითხით აპელირებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ პარტია აპელირებდა არა ყარსის შეთანხმების 100 წლისთავზე, არამედ იმაზე, “რომ დღეს, ფაქტობრივად, აჭარაში მიმდინარეობს ექსპანსია”.

“ექსპანსიის” თემასთან დაკავშირებით პატრიოტთა ალიანსის კამპანიაზე 2020 წლის არჩევნებისას, გირჩევთ წაიკითხოთ: რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

გოჩა თევდორაძე

გოჩა თევდორაძე 

“პატრიოტთა ალიანსი” ამომრჩევლის მიმხრობას თურქეთის თემით გასულ წლებში აქტიურად ცდილობდა. მაშინ მთავარი გზავნილი იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“ და ა.შ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული რიცხვის არარეალურობა ფაქტით დადასტურდა, ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი კი მოახლოვდა, გზავნილები ნაწილობრივ შეიცვალა და გაჩნდა ახალი მესიჯი – “თურქეთის [ეკონომიკური] ექსპანსია”.

2020 წლის არჩევნების წინ გამოცემა “ბათუმელები” პარტიის ბათუმის ოფისის წარმომადგენლებს ესაუბრა და სთხოვა, დაესახელებინათ, მაგალითად, ბიზნესები, რომელთაც, პარტიის ვერსიით, თურქეთის სახელმწიფო უწყობს ხელს და ამით “ბირთვს ზრდის”.

“გაიარეთ და ნახეთ თქვენ თვითონ, ბათუმელი ხართ”, — უპასუხა ჟურნალისტს “პატრიოტთა ალიანსის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი