ახალი ამბები

ამომრჩევლის გულის მოგებას ემსახურება — ISFED იჯარების ჩამოწერაზე

12 ოქტომბერი, 2021 • 1198
ამომრჩევლის გულის მოგებას ემსახურება — ISFED იჯარების ჩამოწერაზე

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთათვის იჯარის ჩამოწერის თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არაა, თუმცა ამომრჩევლის გულის მოგებას ემსახურება.

ISFED-ის თქმით, თუ მთავრობას საბიუჯეტო თანხებით შეღავათიანი პროექტების განხორციელება და განცხადებების გაკეთება სურს, უმჯობესია, ეს არ გააკეთოს არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ სამ კვირაში.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საფუძველზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე დააანონსა, რომ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც  პანდემიის დროს გამოცხადებული საგანგებო ვითარების გამო შეფერხებები შეექმნათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, იჯარის, მართვის თუ სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე შეეძლოთ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის ვალდებულების მოდიფიცირება და პირგასამტეხლოს პატიება ეთხოვათ.

დღეს, 12 ოქტომბერს კი მთავრობამ გამოსცა დადგენილება სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

“ვერ ვიტყვით, რომ საქმე გვაქვს დარღვევასთან, იმის მიხედვით, თუ როდის მოხდა დაინიცირება, თუმცა, თუნდაც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ყოფილიყო ინიციირებული, გასათვალისწინებელია, რომ მეორე ტურამდე სამი კვირა რჩება. ჩვენ გვინახავს ფაქტები, თუნდაც 2018 წლის მეორე ტურამდე, როცა ასეთი ტიპის ინიციატივებს ხელისუფლება იწყებს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იმისათვის, რომ ამომრჩევლის გული მოიგოს.

ამიტომ, ნამდვილად შეგვიძლია, ამ პრაქტიკის გაგრძელებად მივიჩნიოთ. თუ ხელისუფლებას ასეთი ინიციატივები აქვს, იმისთვის, რომ არ მივიჩნიოთ არჩევნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად, შეუძლიათ, დააინიცირონ და განცხადებები გააკეთონ არჩევნების შემდეგ, ამ სამი კვირის განმავლობაში კი თავი შეიკავონ მსგავსი აქტივობებისგან”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო დოლიძემ.

სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში დარიცხული იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე, გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდილს გამო დაკისრებული ჯარიმა, სანქცია და საურავი.

შეღავათები შეეხება იმ სუბიექტებს, რომლებსაც სარგებლობით, მაგალითად, იჯარით, ქირით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონება და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ან ვერ შეძლეს სარგებლობის საფასურის დროულად გადახდა, ან შეძლეს ნაწილობრივ, რის გამოც კანონით დაეკისრათ პირგასამტეხლო.

საქართველოს მთავრობის ცნობით, საუბარია, ჯამში, 1 652 პირზე, რომელთაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, 5 071 875  ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდა სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია, და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი