ახალი ამბები

ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არაა, ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში – კუბილიუსი

12 ოქტომბერი, 2021 • 16553
ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არაა,  ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებში ყოფილ პრეზიდენტს ციხეში არ სვამენ და თუ არსებობს კონკრეტული ბრალდებები, ისინი ევროპული ტიპის სამართლებრივმა სისტემამ უნდა გამოიძიოს. კუბილიუსის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, რთულია ევროპული ტიპის სამართალზე მოლოდინის ქონა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ გახლავთ ნამდვილად. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში. როგორც წესი, თუ არსებობს რაიმე ბრალდებები რაღაც დანაშაულზე, ეს ბრალდებები უნდა იყოს გამოძიებული ევროპული ტიპის სამართლებრივი სისტემის მიერ. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება წამოყენებული იმდენი ბრალდება, რამდენიც საჭიროა, რომ ის ციხეში იყოს, ცხადყოფს, რომ საქართველოში ძალიან ძნელია გქონდეს მოლოდინი ევროპული ტიპის სამართალზე და პოლიტიკური მოტივებით ხდება გადაწყვეტილების მიღება. პრემიერ-მინისტრის განცხადება მიუღებელია, ეს გვანახებს, თუ რამდენად სჭირდება საქართველოს სამართლებრივ სისტემას რეფორმა”, – განაცხადა კუბილიუსმა [“ფორმულას” თარგმანი]

კუბილიუსი მიუღებლად მიიჩნევს ღარიბაშვილის განცხადებებს სააკაშვილთან მიმართებაში და ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ მსგავსი განცხადებების კეთება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარ განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

“ყველა ბრალდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიებული არაპოლიტიზებული სამართლებრივი სისტემის მიერ. როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზებულია და პრემიერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს წავუყენებთო, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიკური სამართალი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ”, – განმარტა კუბილიუსმა [“ფორმულას” თარგმანი].

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ ის საქართველოში იყო, შემდეგ კი ბათუმში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. იმავე საღამოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თბილისში დააკავეს.

3 ოქტომბერს კი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თქვა, რომ თუ სააკაშვილი “წესიერად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი