ახალი ამბები

სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას დეკანოზი თამაზ ლომიძეც შეუერთდა

11 ოქტომბერი, 2021 • 1705
სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას დეკანოზი თამაზ ლომიძეც შეუერთდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას დეკანოზი თამაზ ლომიძეც უერთდება. ის საკუთარ გადაწყვეტილებას ფეისბუქზე განმარტავს:

  • რაც მან 2003 წლის შემდეგ მოახერხა 90-იანებში გაძარცვულ-გაუბედურებული და ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი საქართველოს სახელმწიფოსთვის, განუზომლად მეტია იმაზე, რასაც მას დღეს ედავებით.
  • მისი დევნა ცალსახად პოლიტიკურია და დღევანდელი ხელისუფლების გამონათქვამები ადასტურებს ამას: “ჭკვიანად იყოს, თორემ დავუმატებთ”, “რომ წასულიყო პოლიტიკიდან, არ დავიჭერდით” და ამასვე ადასტურებს მისი დაკავება 9 წლის თავზე, მხოლოდ მისი საქართველოში შემოსვლის შემდეგ.
  •  მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი მტერი და დამაქცევარი, რუსეთი ხარობს მისი დაკავებით, ადასტურებს, რომ არ უნდა იჯდეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველების ხელით ციხეში.
  •  საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ყოფილი პრეზიდენტების დევნა და მკვლელობა. ეს ვნებს და ანადგურებს ქვეყნის წინსვლას და მომავალს. გაიხსენეთ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ის პროპაგანდისტული ტყუილების ზღვა, რითაც იგი შეაძულეს ხალხს, შედეგად განდევნეს და მოკლეს. ამ პროპაგანდისტული ტყუილების და ჭორების გავრცელებაში დიდოსტატია ჩვენი მტერი და კიდევ ერთხელ ნუ გააბრიყვებინებთ თავს.

“გაათავისუფლეთ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი”, – წერს თამაზ ლომიძე.

დღეს, 11 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც შეუერთდნენ.

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას . პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უნდა მიეცეს საშუალება, ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში. ამ დროისთვის პეტიციას 25 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი