ახალი ამბები

საარჩევნო საჩივრების განხილვამ სასამართლოებში გადაინაცვლა

11 ოქტომბერი, 2021 • 818
საარჩევნო საჩივრების განხილვამ სასამართლოებში გადაინაცვლა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო საჩივრების განხილვა დაასრულა, პროცესი სასამართლოებში გრძელდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აქედან:

  • 360 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა (ამ მონაცემებიდან 66,7%-ში არ დაფიქსირდა ცვლილება, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, რასაც არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია).
  • 194 საარჩევნო უბნის მონაცემი გადათვალეს საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.
  • 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადამოწმდა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ რეკომენდაციის სახით გამოსცა.

ცესკომ წარმოადგინა სტატისტიკური ინფორმაცია თავმჯდომარის რეკომენდაციით დადგენილი კრიტერიუმით გადათვლილი 257 საუბნო საარჩევნო კომისიის მიხედვით და განაცხადა, რომ 197 უბანზე არაფერი შეცვლილა, ხოლო 60 საუბნო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში მცირედი ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს:

  • ჯამურად, 60 უბანზე საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ 53 ხმა;
  • მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5 ხმა და მოემატათ 41 ხმა;
  • მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13 ხმა და მოემატათ 82 ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს, რომ ამ მონაცემებს არსებულ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

პოლიტიკურ პარტიებში კი აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი საჩივრები ძირითადად არ დააკმაყოფილა და დავას სასამართლოებში აგრძელებნ.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის ათივე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

“ჩვენი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს და ყველაფერი გავასაჩივრეთ სასამართლოში, მათ შორის, თბილისის ათივე საოლქო კომისიის გადაწყევტილება”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

184 უბანზე ითხოვდა ხმების გადათვლას “დროა”. პარტიაში აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ყველა გასაჩივრდა სასამართლოში.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაავალა საოლქო კომისიებს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი არცერთი საარჩევნო უბანი არ გაიხსნას.  შესაბამისად, ჩვენი
მოთხოვნები არ კმაყოფილდება საოლქო საარჩევნო კომისიებში, შემდეგ მივდივართ
სასამართლოში და სასამართლოც არ გვიკმაყოფილებს გახსნის და გადათვლის მოთხოვნას. ახლა გადავდივართ მეორე ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოში”, — განაცხადა ბესიკ დონაძემ, “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დროისთვის ამზადებენ სტატისტიკას მათი საჩივრების განხილვის შესახებ, თუმცა ზოგად ტენდენციასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” მთავარი იურისტი გიგი ჩიხლაძე ესაუბრა:

“ზოგად ტენდენციას რაც შეეხება, საჩივრების განხილვის პროცესი კარგი პრაქტიკისგან შორსაა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გადათვლის მისაღწევად არასათანადოდ მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს ითხოვენ — ისეთს, რომელიც შეიძლება ბუნებაში არ არსებობდეს. არადა, საოლქო კომისია ადმინისტრაციული ორგანოა და არა სამოქალაქო დავის განმხილველი სასამართლო, სადაც შეჯიბრებითობის პრინციპით და მტკიცებლებებით შეჯერებით ხდება წარმოება. ეს ადმინისტრაციული ორგანო თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კითხვები არ დარჩეს არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავაშირებით. საარჩევნო ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, არ იღებს უბნების გადათვლის გადაწყვეტილებას საჩივრის საფუძველზე. იმ უბნების ნაწილი, რომლებზეც ჩვენი საჩივრები არ დაგვიკმაყოფილეს, მერე გადაითვალა ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე. ასეთი გადათვლა ნაკლებად გაჭვირვალეა, ვინაიდან საჩივრის საფუძველზე გადათვლა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში ხდება და მხარეები ესწრებიან. აქაც არ იყო შეზღუდული დასწრება, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ მომხდარა ინფორმირება, რომ გადათვლა იგეგმებოდა”.

ცესკო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესის შესახებ ეცნობა სარჩევნო სუბიექტებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, რომელთაგან 12 შემაჯამებელ ოქმში არსებულ დისბალანსს ეხებოდა. გიგი ჩიხლაძის თქმით, დისბალანსების შემთხვევაში ამ 12 უბნის დაახლოებით ნახევარი სხვადასხვა მიზეზით გადაითვალა და შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” შეფასებით, მძიმე დარღვევები დაფიქსირდა მარნეულის #7 და #13 უბნებზე. ამომრჩევლების მიერ ხმის მრავალჯერადად მიცემის გამო, ორგანიზაცია ამ უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა არც საოლქო საარჩევნო კომისიამ და არც სასამართლოს ქვედა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია, ასევე, ასაჩივრებდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას, რომლითაც #11 მაჟორიტარული ოლქის შედეგები გადაიხედა და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. საოლქო საარჩევნო კომისიამ და ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არც ეს საჩივარი დააკმაყოფილეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მარნეულის და ზუგდიდის ოლქების შემთხვევაში დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ირწმუნება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს 257 საუბნო საარჩევნო კომისიების ის შედეგები, სადაც უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით, ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები.

“ამიტომ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცესკოს მითითებით გადათვლილია უბნების შედეგები, სადაც მცირე რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები, არასწორია”, — აცხადებს ცესკო.

მისივე ცნობით, რამდენიმე საარჩევნო ოლქში არ შედგა ქვორუმი და რიგ შემთხვევებში პარტიული ნიშნით დანიშნულმა კომისიების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გადათვლის საკითხს, რის გამოც ვერ განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლა ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად.

ამ დროისთვის საჩივრების განხილვა საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში მიმდინარეობს. რაიონული ან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი