ახალი ამბები

“ჩვენ ვრჩებით!” — EU-ს მხარდამჭერი აქცია პოლონეთში [ფოტო]

11 ოქტომბერი, 2021 • 1133
“ჩვენ ვრჩებით!” — EU-ს მხარდამჭერი აქცია პოლონეთში [ფოტო]

პოლონეთში ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა მას შემდეგ, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგიერთი ნაწილი შეუსაბამოა პოლონეთის კონსტიტუციასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა ე.წ. Polexit-ის, პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის შიში.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ვარშავის ცენტრში ევროკავშირის და პოლონეთის დროშებით შეიკრიბა  დაახლოებით 80-100 ათასი ადამიანი. “ჩვენ ვრჩებით!” — სკანდირებდნენ ისინი.

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის და მთავარი ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო პლატფორმის” ლიდერის, დონალდ ტუსკის განცახდებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის პოლონეთის მომავალს ევროპაში.

“ჩვენ ვიცით, რატომ უნდათ მათ გასვლა [ევროკავშირიდან], რათა მათ თავისუფლად დაარღვიონ დემოკრატიული წესები”, — განაცხადა ტუსკმა.

მმართველი პარტია “კანონი და სამართალი” (PiS) აცხადებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის ინიცირებას არ გეგმავს, თუმცა სულ უფრო ხშირად მოდის წინააღმეგობაში ევროკომისიასთან სხვადასხვა საკითხებში, დაწყებული ლგბტ პირთა უფლებებიდან, დამთავრებული სასამართლო სისტემით.

აქცია ვარშავაში

მასალების გადაბეჭდვის წესი