ახალი ამბები

პენიტენციურის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა არ გაუარესებულა

11 ოქტომბერი, 2021 • 1332
პენიტენციურის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა არ გაუარესებულა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესდა. როგორც პენიტენციური სამსახური აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl.

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ”, – ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობა გაუარესდა, რაც სიარულის და ლაპარაკის გართულებაში გამოიხატება. ექიმის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა თაფლისა და წვენის მიღებაზეც.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილობა ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი