ახალი ამბები | , , ,

ბათუმში მომხდარმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება – ომბუდსმენი

9 ოქტომბერი, 2021 | | 660
ბათუმში მომხდარმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ეხმიანება.

განცხადებაში სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და სახელმწიფო თუ სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება,“ – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 7 ცხედარი, მათგან სამი– ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი