ახალი ამბები

პარტიას 0 ხმა აქვს იქ, სადაც მე და ჩემმა ახლობლებმა მივეცით ხმა — დოლიძის პარტიის კანდიდატი

8 ოქტომბერი, 2021 • 1273
პარტიას 0 ხმა აქვს იქ, სადაც მე და ჩემმა ახლობლებმა მივეცით ხმა — დოლიძის პარტიის კანდიდატი

ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან “ანა დოლიძე ხალხისთვის” ამბობს, რომ ამავე ოლქის 34-ე უბანზე მის პარტიას ხმები დააკლეს. სერგო ლომიძის თქმით, თავად, დედასთან და ახლობლებთან ერთად, ხმა ამავე უბანზე, თავის პარტიას მისცა, თუმცა პროპორციული ბიულეტენების შემაჯამებელ ოქმში აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტს 0 ხმა აქვს.

ოქმების მიხედვით, ხსენებულ უბანზე თავად ლომიძეს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, 74 ხმა უფიქსირდება. ანა დოლიძემ, როგორც მერობის კანდიდატმა, 47 ხმა მიიღო. თავად პარტიას “ანა დოლიძე ხალხისთვის”(საარჩევნო ნომრით 48) კი, პროპორციული ოქმის მიხედვით, ხმები არ აქვს.

“ამ უბანზე მე პირადად მივეცი ხმა, ასევე პირადად მისცა ხმა დედაჩემმა, ასევე, ჩემი კორპუსის მეზობლებმა, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ სამივე ბიულეტენში აქვთ შემოხაზული 48 ნომერი… [ასევე] მეგობრებმა და და ჩემმა ორმა თანამშრომელმა, რომლებიც მანდ არიან რეგისტრირებული და მაგ საარჩევნო უბანზე მისცეს ხმა.

დაახლოებით, მინიმუმ, 40 ხმა არის დაკარგული”, — ეუბნება კანდიდატი “ნეტგაზეთს”.

სერგო ლომიძე ირწმუნება, რომ ამავეს ამბობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უბანზე იმყოფებოდნენ. როგორც კანდიდატი აღნიშნავს, ამ ადამიანებს “ოქმზე კი აქვთ მოწერილი ხელი”, თუმცა “ადასტურებენ, რომ ამოდიოდა ბევრი ბიულეტენი, სადაც იყო სამივეგან დაფიქსირებული 48″.

აღნიშნული უბნის კომისიაში თავად ანა დოლიძის პარტიას წარმომადგენელი არ ჰყავდა. სერგო ლომიძის სიტყვებით, ადგილზე პარტიამ მხოლოდ დამკვირვებელი  მიავლინა,  მაგრამ ბოლომდე ვერ დარჩა, [რადგან] ხნიერი ადამიანი იყო”.

კანდიდატს მიაჩნია, რომ ხმები კომისიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა “მიითვალეს”.

“[ხმების დათვლისას] რამდენიმე მაგიდა ტყუპდება ერთად. კომისიის ყველა წევრი დგას თავის ადგილას [რიგითობით]. პირველი — “მესამე ძალა”(საარჩევნო ნომრით 1), მეორე — “ევროპული საქართველო”(ნომრით 2), შემდეგ- “ნაციონალური მოძრაობა (5), მერე- “ლელო”(9), გახარიას პარტია(25), “ოცნება”(41) და ჩვენ(48).

როცა ხდება ბიულეტენების ამოღება, შემდეგ ხდება გადაწოდება კომისიის წევრებს შორის, რომ მიუჩინონ თავიანთი ადგილი.

აქედან გამომდინარე, 41-სა და 48-ს შორის იყო გვერდიგვერდ ბიულეტენები. შესაბამისად, “ქართულმა ოცნებამ” ეს ბიულეტენები ამოდო  თავისი ბიულეტენების ქვეშ, რადგან ჩვენ არ გვყავდა არც დამკვირვებელი და არც კომისიის წევრი, მიითვალა თავის ხმებზე და ბალანსიც დასვა”, — აღნიშნავს ლომიძე.

ხსენებული უბნის თავმჯდომარემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თავის მოვალეობაში რაც შედიოდა, გააკეთა და თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ წარიმართა დათვლის პროცესი, შეუძლია, ოლქს მიმართოს და შესაბამისი ვიდეოჩანაწერი ამოიღოს.

“47 ხმა მიიღო თვითონ ამ ადამიანმა [ანა დოლიძემ], მისმა მაჟორიტარმა 74 ხმა მიიღო. პროპორციულზე არ იყო არცერთი ხმა შემოსული.

ჩემთან არასდროს მომხდარა ასეთი რამ და არავის აქვს უფლება იმის თქმის, რომ არჩევნებს ვაყალბებ.

ჩემს მოვალეობაში შედიოდა დათვლა, ოქმი შევადგინე და ჩავაბარე ოლქში. არის ჩანაწერი, მოითხოვონ და ამოიღონ “, — დასძინა დიანა არველაძემ.

მისივე თქმით, იყო შემთხვევებიც, როცა სამ ბიულეტენში(პროპორციული, მაჟორიტარული, მერის) ამომრჩეველს სამი სხვადასხვა სუბიექტის სასარგებლოდ ჰქონდა არჩევანი დაფიქსირებული.

ანა დოლიძის პარტიაში აღნიშნავენ, რომ ჩუღურეთის 34-ე უბნის შედეგები გასაჩივრებული აქვთ და ხმებს დღეს გადაითვლიან.

განახლება 22:40

ანა დოლიძე აცხადებს, რომ ჩუღურეთის 34- ე საუბნო კომისიაში  ბიულეტენები გადათვალეს და აღმოჩნდა, რომ მის პარტიას 32 ხმა ჰქონდა მიღებული, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა მითვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი