ახალი ამბები

“ნგრევის მიზეზი შესაძლოა რემონტისას საყრდენი კედლის გამოცლა იყოს” – გომელაური

8 ოქტომბერი, 2021 • 1745
“ნგრევის მიზეზი შესაძლოა რემონტისას საყრდენი კედლის გამოცლა იყოს” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა შესაძლოა ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის გამოცლა გამხდარიყო.

მინისტრის თქმით, განიხილება სხვა ვერსიებიც, თუმცა 90%-იანი სარწმუნოობით ბუნებრივის აირის ვერსია გამოირიცხა. ვახტანგ გომელაურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერსია გამოძიების ფარგლებში დადასტურდება, შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცემიან:

“წინასწარი მონაცემებით იყო რამდენიმე ვერსია, გაზის ვერსიაც განიხილებოდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშოები მიმდინარეობდა და შეიძლება ეს იყოს მიზეზი, გამოძიებით დადგინდება. შეიძლება ეს იყოს საყრდენი კედლის გამოცლის მიზეზი. თუ ეს დადასტურდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. სახლში კეთდებოდა სარემონტო სამუშაოები. დაშენება არ ხდებოდა და ა.შ. შიგნით რას აკეთებდნენ… ხალხი მიყვანილია, გამოკითხვა მიმდინარეობს”, – ამბობს გომელაური.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულიხმობს.

დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 15 საცხოვრებელი ბინა. 14:48 საათისთვის ნანგრევებიდან არცერთი ადამიანი არ ჰყავთ ამოყვანილი. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ნანგრევებში მოყოლილია 10-დან 15 ადამიანამდე. მათგან ორთან მაშველები კომუნიკაციას ახერხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი