ახალი ამბები

„ბნელ ტყეში ხელების ცეცებით“ – დიაბეტის მქონე ბავშვებს უკონტაქტო გლუკომეტრის გარეშე

10 ოქტომბერი, 2021 • 4010
„ბნელ ტყეში ხელების ცეცებით“ – დიაბეტის მქონე ბავშვებს უკონტაქტო გლუკომეტრის გარეშე

დღეს საქართველოში ბავშვებს, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზი აქვთ, აუცილებელ და ძვირადღირებულ უკონტაქტო გლუკომეტრებზე ხელი არ მიუწვდებათ.

უკონტაქტო გლუკომეტრი, რომელიც სისხლში შაქარს თითზე ჩხვლეტის გარეშე მუდმივად აკონტროლებს, ძვირი ღირს.

თუმცა, მშობლებს რომც ჰქონდეთ მისი შესყიდვის შესაძლებლობა, ქართულ ბაზარზე ეს აპარატი, უბრალოდ, არ შემოდის. აპარატების შემოტანა არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება.

ამ პრობლემის შესახებ იცის ყველა შესაბამისმა უწყებამ. მეტიც, ჯანდაცვის სამინისტრო წლის დასაწყისში ჰპირდებოდა კიდეც მშობლებს, რომ ბიუჯეტში ეს თანხა გაიწერებოდა, თუმცა ბიუჯეტის ამჟამინდელ პროექტში ეს ასე არ მოხდა.

მშობლის გამოცდილება

თამარ ლაფაჩი ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომლის მცირეწლოვან შვილს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზი აქვს. ადრე ეს დიაგნოზი სხვა, კერძოდ, ინსულინდამოკიდებული დიაბეტის სახელით იყო ცნობილი.

აღნიშნული დიაგნოზი ბავშვისთვისა და მშობლისთვისაც განსაკუთრებულ სირთულეებს უკავშირდება, რასაც თავად თამარ ლაპაჩი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ასე აღწერს:

„როდესაც დიაბეტიან ბავშვს ვუკეთებთ ინსულინს, ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ მოხდეს ინსულინის ზედოზირება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ, მაგალითად, ბავშვმა არ დაასრულა ის საკვები, რომელიც გათვალისწინებული იყო კონკრეტულ დოზა ინსულინზე ან რაღაც პრობლემა აქვს, აერია გული და ა.შ. ამიტომ ზედოზირების შემთხვევაში შაქრის ვარდნის რისკი არსებობს, რომელიც შეიძლება ჰიპოგლიკემიური კომით დასრულდეს და ბავშვი გაითიშოს დაბალი შაქრის შედეგად.

არის მეორე ვარიანტი: თუ ინსულინი არასაკმარისად გავუკეთე, ამ შემთხვევაში შაქარი ძალიან მაღალ ნიშნულებზე მიდის და შესაბამისად, შეიძლება ორგანიზმში დააზიანოს სისხლძარღვები, დაგროვდეს კეტონები, გამოიწვიოს ორგანიზმის ინტოქსიკაცია და ა.შ. საბოლოოდ, ამ პრობლემამ შეიძლება, ჰიპერგლიკემიური კომა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ინსულინს როცა ვუკეთებთ ბავშვს,  ორივე შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში გვჭირდება კონტროლი“.

სისხლში შაქრის დონეს სწორედ გლუკომეტრით აკონტროლებენ. დღეს საქართველოში ერთადერთი სახის გლუკომეტრია, რომელსაც სჭირდება თითში ჩხვლეტა და შემდომ სისხლის ანალიზი.

პრობლემა ის არის, რომ თითში რეგულარული ჩხვლეტა ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის თუმცა, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

თამარ ლაფაჩის თქმით, რადგან შაქრის დონე ორგანიზმში მუდმივად იცვლება, საჭიროა დღეში რამდენჯერმე ჩხვლეტა: ჭამის წინ, საკვების მიღებიდან 2 საათში და ღამით.

ლაფაჩის შვილი 4 წლისაა და ის საკვებს გრაფიკის მიხედვით დღეში 4-5-ჯერ იღებს. შაქრის დონეს მას უზომავენ ღამითაც. შესაბამისად, ბავშვმა 24 საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ჩხვლეტა უნდა აიტანოს.

გლუკომეტრი. ფოტო: Pixabay

ჩხვლეტის ალტერნატივა უკვე დიდი ხანია არსებობს — ეს უკონტაქტო გლუკომეტრია.

„რას ნიშნავს ეს: წარმოიდგინეთ მისაწებებელი სტიკერი, რომელსაც ვაწებებთ ბავშვს მკვლავზე, მას ვეძახით სენსორს. თან მოყვება აპარატი, რომელიც სენსორზეც მიდებითაც გვაჩვენებსშაქრის მაჩვენებელს. ანუ ჩხვლეტა საჭირო აღარ არის – რამდენჯერაც მოუნდება მშობელს, რამდენჯერად დააინტერესებს ბავშვის შაქრის მდგომარეობა – შეუძლია მიადოს ეს აპარატი და გაიგოს შაქრის დონეს. ამასთანავე, მას აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა დინამიკის ჩვენება –  ჩვენება, ზევით მიდის შაქარი, რა სისწრაფით მიდის, ქვემოთ ვარდება, რა სისწრაფით მოდის – ამ ყველაფერს აპარატი ასახულად აჩვენებს და ამის მიხედვით ჩვენ შეგვძილია ვიმოქმედოთ შესაბამისად,“ – განმარტავს თამარ ლაფაჩი.

ამ აპარატი, რომლებსაც მშობლები ითხოვენ Libre ჰქვია. მიუხედავად დაპირებისა, მის გაცემას სახელმწიფო არ ითვალისწინებს. საქართველოში აპარატი არც ოფიციალურადაა დარგისტრირებული, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში – აფთიაქებსა თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში უბრალოდ არ იყიდება. იყიდება მხოლოდ „შავ ბაზარზე“.

კიდევ ერთი პრობლემა და ალბათ, უმთავრესიც, არის ის, რომ Libre-ს სენსორები ძვირი ღირს და მას ექსპლუატაციის ვადა მხოლოდ 2 კვირა აქვს. თამარ ლაფაჩი ამბობს, რომ ერთი სტიკერი, დაახლოებით, 40-დან 60 ევრომდე ღირს, ფასდაკლებებზე კი ეს ფასი შესაძლოა 30-37 ევრო გახდეს.

„ძალიან ძვირია. ჩვენ რომ ეს გამოვიწეროთ, აქ 2 კვირა ვერ ჩამოვა, როგორც უნდა ველოდოთ?შემდეგ  ჩამოტანა და განბაჟება ასევე დამატებითი ფული ჯდება.

წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახია, რომელსაც ფიზიკურად არ აქვს იმის საშუალება, რომ თვეში 300-ლარიანი ხარჯი ჰქონდეს მხოლოდ სენსორების. რეალურად, ეს ხარჯი დაუსრულებელია.

ჯერჯერობით, დიაბეტი არ არის განკურნებადი და ბავშვი მუდმივად ამ რეჟიმში უნდა იყოს, მშობელმა 300 ლარი ამ მიზნით მუდმივად უნდა გადადოს, რისი საშუალებაც ფიზიკურად აღარ გვაქვს,“ — ამბობს თამარ ლაფაჩი.

სხვა სოციალურ პროგრამებთან ერთად, საქართველოში არსებობს დიაბეტის დიაგნოზის ბავშვთა პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც 3 თვეში ერთხელ გლუკომეტრის „საჩხვლეტ“ ჩხირებს არიგებენ. სახელმწიფოს დაფინანსებულ 6 ცალ შეკვრაში, სულ, 50 ჩხირია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეში 10-ზე მეტი ჩხირი იხარჯება, ეს შეკვრებიც არ არის საკმარისი.

თითო ასეთი შეკრვა 45 ლარი ღირს. თამარ ლაფაჩი ამბობს, რომ სახელმწიფოს უკონტაქტო გლუკომეტრის სენსორები იგივე დაუჯდებოდა, რაც ეს ჩხირები. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას.

ის ასევე გვიყვება, რომ მშობლები თავად გაერთიანდნენ და თავად შეხვდნენ როგორც სამინისტროს, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებს. მიიღეს დაპირებაც, თუმცა, ჯერ არაფერი შეცვლილა.

„არაფრისგან ხარ დაზღვეული. ეს ჩაბნელებულ ტყეში ხელის ცეცებით სიარულს ჰგავს, სად როდის შეეჯახები ან ფეხს წამოკრავ რამეს, არავინ იცის. მაშინ ისტერიულად უნდა იდგე და ჩხვლიტო ბავშვს, რის საშუელაბასაც თავად ბავშვი არ გაძლევს, რადგან მტკივნეულია“.

„ვიბრძოლებთ ბოლომდე“ — საქართველოს დიაბეტის ფონდი

უკონტაქტო გლუკომეტრის საქართველოში შემოტანის პროცესში ჩართულია „საქართველოს დიაბეტის ფონდიც“. სწორედ ეს ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ დაწერა, რომ ბიუჯეტის პროექტში გლუკომეტრები კვლავ არ გაითვალისწინეს.

ფონდში ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა მალევე, მისმა ხელმძღვნალემა კობა ამირხანაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

ვიდეოში კობა ამირხანაშვილი იხსენებს ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტარებთან შეხვედრას და ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ ოფიციალური დაპირება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ გლუკომეტრების შესყიდვაზე, დაახლოებით 7 მილიონი ლარი გამოიყოფოდა.

მისივე ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტში დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა პროგრამაში სულ 28 მილიონი ლარი უნდა გაწერილიყო, რაც საბოლოოდ არა მომხდარა, არადა საუბარია, სულ რაღაც, 1200 ბავშვზე.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე მოსმენით როდესაც იქნება ბიუჯეტი შემოსული პარლამენტში, ეს თანხა საიდანაც უნდა, იქიდან მოიძიონ. არ მინდა ახლა კომენტარების გაკეთება, რადგან ვიცი, რომ ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. უბრალოდ, ვიტყვი ერთ რამეს: 30 წელია, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ პრობლემის მოგვარებას მივუძღვენი და ის, რაც გვქონდა ამ წლების განმავლობაში წარმატება…

დღეს აღმოჩნდა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ვართ ძალიან დაბალ დონეზე ჩამოსული და ვერც წარმოუდგენიათ, როდესაც საუბარი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგნელებთან, წარმოუდგენელია, დღეს ბავშვებს არ ჰქონდათ უკონტაქტო გლუკომეტრები.

ეს არამხოლოდ სამარცხივნო, არამედ დანაშაულია. კეთილი უნდა ინებოს მან, ვისაც ეს ხელეწიფება და ეს საკითხი აუცილებლად უნდა გამოასწოროს,“ — ამბობს ის.

მისივე თქმით, ფონდი დაელოდება ნოემბრამდე: „ნოემბერში შევხედავთ და გავაკეთებთ შესაბამის განმარტებას“. 

სახელმიწფოს დაპირებები – უკვე მეორედ

რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ 2022 წლის ბიუჯეტში გლუკომეტრებისთვის გათვალისწინებული თანხა  აუცილებლად აისახებოდა. თუმცა, ეს არ მოხდა.

ახლა კი გაბუნია ამბობს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან და კვლავ აცხადებს, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. თუმცა, დამატებით კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ნეტგაზეთი მის ერთ-ერთ წევრს, ლადო კახაძეს ესაუბრა. როგორც კახაძემ გვითხრა, თავად იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ ცვლილებისა და განმარტა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ბავშვებს ეს აუცილებელი პრეპარატი ჰქონდეთ.

ჩვენს კითხვაზე, დაახლოებით რა ვადებზეა საუბარი, პარლამენტარი გვპასუხობს, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ბიუჯეტს უკვე მეორე მოსმენისთვის წარადგნენ პარლამენტში. დამატებით დეტალებზე საუბარი კი სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ნეტგაზეთის კითხვებს ბიუჯეტის პროექტში გლუკომეტრების არგათვალისწინების შესახებ ფინანსთა სამინისტროში, ჯერჯერობით, არ უპასუხეს. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით უწყებისგან ოფიციალურ პასუხს.

განახლება, 12 ოქტომბერი: დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ გლუკომეტრებს საბოლოოდ აუცილებლად შეიძენენ. მან დასძინა, რომ მიმდინაერეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან, ხოლო დაახლოებითი თანხა გლუკომეტრებისთვის, რაც ბიუჯეტის საბოლოო პროექტში შევა 7 მილიონი ლარია.

გაბუნიას თქმით, ბავშვებისთვის უკონტაქტო გლუკომეტრებს აუცილებლად შეიძენენ

მასალების გადაბეჭდვის წესი