ახალი ამბები

სააკაშვილი მზადაა, ნარკოტესტი ჩააბაროს და იგივე პირობას პრემიერსაც უყენებს

6 ოქტომბერი, 2021 •
სააკაშვილი მზადაა, ნარკოტესტი ჩააბაროს და იგივე პირობას პრემიერსაც უყენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი მზად არის, პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტესტი ჩაიტაროს და ღარიბაშვილსაც იმავეს სთავაზობს. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნარკოტესტის ჩატარებაზე სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ ისაუბრეს.

“ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების და ჟურნალისტების თანდასწრებით არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი – დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით.

ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება “ჩელენჯი”. მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ რას ილაპარაკებს, მოვისმენთ”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზის საკუთარ და მისი მტკიცებით საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრა. მათ შორის, ღარიბაშვილის განცხადებით, განიხილება ვერსიაც, რომ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია და საკუთარი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

“ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა… ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილს ნარკოდამოკიდებულება დააბრალა. მან სააკაშვილს “ნარკომანი” უწოდა გასულ თვეშიც, როდესაც “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა, “ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე”, უნდა გაიკეთოს ნარკოტესტი.

“ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც აქტიური მომხმარებელია ნარკოტიკული საშუალებების და მისი ეს ლაივ ჩართვები, რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელია. იმისდა მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს და ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. გაუგებარია ნამდვილად გახარიას ეს რეაქცია, თუმცა მე მესმის სოლიდარობა, რომელიც ვნახეთ მელიას და სხვა კანდიდატების მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს და ბადებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა არჩევნებამდე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას საკითხს, პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნების” ლიდერების ბრალდებების შემდეგ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა, ტესტის პასუხები კი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მას არ დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი