ახალი ამბებისამართალი

დანაშაული კანონის გარეშე? — რას ედავებიან სააკაშვილის საქმეზე 3 პირს

7 ოქტომბერი, 2021 • 2861
დანაშაული კანონის გარეშე? — რას ედავებიან სააკაშვილის საქმეზე 3 პირს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დააკავებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება სამ პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია.

გამოძიება მათ ედავება დანაშაულის დაფარვას, თუმცა არა საზღვრის უკანონოდ კვეთის (რაც ნაკლებად მცირე კატეგორიის დანაშაულია და მისი დაფარვა არ ისჯება) საქმეზე, არამედ იმ საქმეებზე, რაზეც სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია (გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და ვალერი გელაშვილის ცემა). შესაბამისად, ჩნდება კითხვა და სამართლებრივი კაზუსი — როგორ შეიძლება უკვე გახსნილი დანაშაულის დაფარვა?

წოწორიების და ცომაიას საქმე

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ იცის, რა გარემოებებში გადმოკვეთა ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს საზღვარი და არ გამორიცხავს, მტკიცებულებების შეკრების შემდეგ, დაკავებულებს ბრალი დაუმიძიმდეთ სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით, რაც მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ან მისთვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს, თუმცა ეს არგუმენტები სასამართლოში ჯერ არ წარმოუდგენიათ. წოწორიებისთვის და ელგუჯა ცომაიასთვის პროკურატურას ამ დროისთვის ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, შალვა და ზურაბ წოწორიებმა იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მიუხედავად ამისა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, 2021 წლის 29 სექტემბერს, საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და აბაშის სოფელ ტყვირში მიყვანეს. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ელგუჯა ცომაიას მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. გამოძიების მიერ წარმოდგენილი მარშრუტში გამოტოვებულია სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და ბათუმში ყოფნის ეპიზოდები.

დაცვის და ბრალდების მხარის არგუმენტები

ცომაიას და წოწორიების ადვოკატები უპრეცედენტოდ მიიჩნევენ ბრალის წარდგენას ისეთი დანაშაულის დაფარვისთვის, რომელიც უკვე გახსნილია.

“საქმეში საერთოდ არ მოიპოვება მტკიცებულება იმ ნაწილში, რასაც დღეს ბრალდებულებს ედავებიან. ის ნორმა, რაც ბრალდების სახით აქვთ წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში. რას ედავება, ბრალდების მხარემ თავადაც არ იცის, რადგან განსაზღვრული ნორმა არ არსებობს”, — აცხადებს წოწორიების ადვოკატი გიორგი გოგინავა.

პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ დაკავებულებს ედავებიან დანაშაულის დაფარვას იმ საქმეებზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია. თუმცა პროკურორების ინტერპრეტაციით, დანაშაულის დაფარვის მუხლი გულისხმობს დამნაშავის დაფარვასაც. მართალია, მსჯავრდებულის დაფარვაზე სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერი არ არსებობს, თუმცა პროკურორი აპელირებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე. კერძოდ, არგუმენტად მოჰყავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება, რომელშიც ვკითხულობთ: “დანაშაულის დაფარვაში იგულისხმება დამნაშავის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი  გზით მოპოვებული საგნების დაფარვა”.

“მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის დაფარვა გულისხმობს დამნაშავის დაფარვასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება აქვს გაკეთებული უზენაეს სასამართლოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში ნათლად და ცალსახად არის მითითებული, რომ დანაშაულის დაფარვა არის როგორც დამნაშავის დაფარვა, ასევე, დანაშაულის კვალის, საგნის დაფარვა. პირი, რომელიც სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის ბრალდებული, რა თქმა უნდა, არის დამნაშავე”, — აცხადებს გოზალიშვილი.

დანაშაულის დაფარვა დამნაშავის დაფარვას ითვალისწინებს ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის აზრითაც.

“ბრალდებულმა იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ძებნილი არაერთი დანაშაულისთვის, რომ სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი და მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს და დაუთმო მისი სახლი. ზოგადად, 375-ე მუხლი [დანაშაულის დაფარვა] არ მოიცავს მხოლოდ დანაშაულის დაფარვას. ეს არის მართლმსაჯულების ხელის შეწყობის მუხლი, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა პირი ვალდებულია, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და თუ შეიტყობს, ძებნილი მსჯავრდებული სად არის და რა ვითარებაშია, შეატყობინოს სამართალდამცველ ორგანოებს. ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ ამ შემთხვევაში დაფარა დამნაშავე. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვით, არამედ მუხლი უნდა განიმარტოს მიზნობრივად. აღნიშნული მუხლი მიზანი არის, არა მხოლოდ დანაშაულის დაფარვას ვებრძოლოთ, არამედ ძებნილი მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც გასამართლებული არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, მოხდეს ინფორმაციის მიწოდება”, — განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ადვოკატების ინტერპრეტაცია აბსოლუტურად არასწორია.

“ყველა იურისტმა, ყველა სტუდენტმა იცის, რომ დანაშაულის დაფარვაში მათ შორის მოიაზრება ძებნილი მსჯავრდებულისთვის სათანადო პირობების შექმნა, მათ შორის ბინის გადაცემა”, — თქვა მან.

არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე

Nullum crimen, nulla poena, sine lege (არც დანაშაული, არც სასჯელი არ არსებობს კანონის გარეშე) — ეს ლათინური მაქსიმა სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს გამოხატავს, რაც კანონმდებლობაში განუსაზღვრელი ნორმების აკრძალვას შეეხება. მაშასადამე, კანონმდებელი ვალდებულია, ზუსტად ჩამოაყალიბოს და განჭვრეტადი გახადოს, რა არის დანაშაული და მასთან დაკავშირებული სანქცია. 

სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული აფილირებული პროფესორი თამარ გეგელია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების შემთხვევაში სწორედ კანონიერების ზემოაღიშნული ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა, რადგან “დამნაშავის დაფარვის” ცნებას სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს.

“სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში ჩვენ არ გვაქვს ისეთი დანაშაულის შემადგენლობა, რომლისთვისაც შეიძლებოდა, ამ პირებისთვის ბრალი წაეყენებინათ. ფაქტები, რასაც გამოძიება მიუთითებს და თითქოს 375-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობასთან (დანაშაუალის დაფარვა) შესაბამისობას ადგენს, სახეზე არ არის. ეს დანაშაული — დანაშაულის დაფარვა — გათვალისწინებულია “დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედების” თავით. თვითონ სათაური მიგვანიშნებს, რა მიზანს ემსახურება ქმედების კრიმინალიზება — რომ დაიცვას სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, შეკრებილი მტკიცებულებები გახმაურებისგან და ა.შ. ხელი შეუშალოს გაუხსნელი დანაშაულის დაფარვას, რაც გაართულებდა გამოძიებას.

თუ გადავხედავთ სხვა დანაშაულებს იმავე თავში, ასევე დავრწმუნდებით, რომ ეს მუხლები ჯერ გაუხსნელი, გამოძიების პროცესში მყოფი დანაშაულების აღკვეთისა და გახსნისთვის ხელშეშლის პრევენციას ემსახურება. მოცემულ, უკვე დასრულებულ საქმეზე მსჯავრდებული პირის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ტრანსპორტირება ვერანაირად ვერ მოდის შესაბამისობაში “დანაშაულის დაფარვის”  საკანონმდებლო შემადგენლობასთან. მარტო ის, რომ ჩადენილი ქმედება და მისი რაღაც ასპექტები ჰგავს კანონით აღწერილ დანაშაულის შემადგენლობას, საკმარისი არ არის პირის მსჯავრდებისთვის. დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც ამ შემთხვევაში მოერგებოდა სიტუაციას, ჩვენ არ გვაქვს”, — ამბობს გეგელია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი თქმით, ეს დანაშაული – დანაშაულის დაფარვა, აშკარაა, რომ არ ვრცელდება ე.წ. გახსნილ საქმეებზე, ძებინილის შეფარებაზე. 

“მსჯავრდებულის შეფარება არ არის დანაშაული. თუ კანონმდებელს ეს ქმედება იმდენად სოციალურად მნიშვნელოვანი და საშიში ჰგონია, რომ დასჯის ღირსია, მაშინ უნდა ადგეს და დემოკრატიული პროცესებით, საკანონმდებლო ცვლილებებით მოახდინოს ამგვარი ქმედების კრიმინალიზება. ამის შემდეგ, ვინც ამ ქმედებას ჩაიდენს, ის დასაჯოს, ხოლო მათზე, ვინც აქამდე ჩიდინა, კანონის უკუძალა ვერ გავრცელდება. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი — კანონიერების პრინციპი, რომელსაც აქვს საგარნტიო ფუნქცია მოქალაქეებისთვის, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, მოგვცეს სამართლიანი შეტყობინება, რა ქმედება ისჯება და რა ქმედება არ ისჯება, რომ შევძლოთ ზღვრის გავალება აკრძალულ და დაშვებულ ქმედებას შორის. წინასწარ ვიცოდეთ, რისთვის დავისჯებით და რა სახით. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინასწარი შეტყობინება არ მიუცია და, შესაბამისად, ვერ დასჯის. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რაც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და საქართველოს კონსტიტუციაში’’, — ამბობს გეგელია.

იურისტი არარელევანტურად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე აპელირებას ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის შეეხებოდა გამოძიებაში არსებულ (და არა დასრულებულ) საქმეზე დანაშაულის დაფარვას და მეორე იმიტომაც, რომ გადაწყვეტილებაში ტერმინი “დამნაშავე” ციტირებულია ლიტერატურიდან, სადაც ის ქმედების სუბიექტის სინონიმადაა გამოყენებული და არა პროცედურული მნიშვნელობით.

“როგორც აღვნიშნეთ, დამნაშავის დაფარვა არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული. ქმედების დანაშაულად გამოცხადება არის მხოლოდ საკანონდმებლო ორგანოს ექსკლუზიური უფლებამოსილება.  უზენაეს სასამართლოს თუ 2008 წელს ასეთი შეცდომა აქვს დაშვებული, რომ გააფართოვა ნორმის შემადგენლობა და ნორმის სემანტიკურ ჟღერადობასთან წინააღმდეგობაში მოვიდა, უგულებელყო ლოგიკური, სისტემური ახსნა-განმარტების მეთოდი და უსამართლო შედეგებამდე მივიდა, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა დააციტირო, რადგან უკანონო გადაწყვეტილებაა. ამასთან, ის სულ სხვადასხვა შინაარსის საქმეა, იქ საქმე არ იყო გამოძიებული. უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებულ თსუ-ს პროფესორების ავტორთა კოლექტივის წიგნს, რასაც ციტირებენ, ასევე გამოძიებაში არსებულ, ჯერ გაუხსნელი დანააშაულის/საქმის ფაბულას და კაზუსს.

ამიტომ ეს არარელევანტური მაგალითი არ გამოდგება პროკუროატურის სასარგებლოდ. არასწორია პროკურატურის მხრიდან იმის მითითება, რომ სიტყვა-სიტყვით არ უნდა გავიგოთ ნორმა. სწორედაც რომ ნორმა უნდა განიმარტოს იმდენად, რამდენადაც ნორმის გრამატიკული განმარტება ამის შესაძლებლობას გაძლევს. როდესაც ნორმის სიტყვა-სიტყვით ჟღერადობასთან, მის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის განმარტება ბრალდებულის საზიანოდ, ეს ნიშნავს კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას და ამდენი თუ არ იცის პროკურორმა, საერთოდ არ უნდა იყოს პროკურორი. მოცემულ საქმეში აშკარაა პირის საზიანოდ ანალოგიის გამოყენება, ანუ კანონში აღწერილი არა ზუსტი, არამედ მსგავსი კანონით ბრალდებას აქვს ადგილი, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, სამართლებრივ უსააფრთხოებას”, — ამბობს თამარ გეგელია.

რაც შეეხება მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მუხლით ბრალის დამძიმებას, რასაც პროკურატურა არ გამორიცხავს, თამარ გეგელიას შეფასებით, თუ ასე მოხდა, საქმე გვექნება ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ ბრალდების აკრძალავის დაარღვევასთან.

გარდა ამისა, დასახელებული ნორმის მიზანი სხვაა, კერძოდ დაიცვას მიგრანტი შესაძლო ექსპლუატაციისგან, რაც, გეგეგლიას თქმით, ამ საქმეში ირელევანტურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი