ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩაკეტეს გორისი-ვოროტანის გზა – სომეხი ომბუდსმენი

26 აგვისტო, 2021 • 1193
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩაკეტეს გორისი-ვოროტანის გზა – სომეხი ომბუდსმენი

სომხეთის სახალხო დამცველის, არმან ტატოიანის, თანახმად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩაკეტეს სომხური ქალაქის, გორისისა და ასევე სომხური სოფლის, ვოროტანის დამაკავშირებელი გზა.

ტატოიანი განცხადებასა და აზერბაიჯანული საგუშაგოს ფოტოებს სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

“ეს არის შიდასახელმწიფოებრივი გზა, რომელიც უზრუნველყოფს სომხეთის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. ის პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანების ნორმალურ ცხოვრებასთან.

აზერბაიჯანელი სამხედროების კრიმინალური ქმედებები არღვევს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სრულიად უშლის ხელს ხალხის ნორმალურ ცხოვრებას.

თავის ხმრივ, მათი ამ გზაზე ყოფნაც არის ხალხის ცხოვრების უფლებისა და სხვა საერთაშორისოდ გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა”, – აცხადებს სომეხი სახალხო დამცველი.

მისივე ცნობით, გუშინ აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაკეტეს შურნუხ-კარმრაკარის გზაც.

აზერბაიჯანულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ბაქოს პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე აწარმოებს საზღვრის დემარკაციის პროცესს, რა დროსაც ეყრდნობა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ხელმძღვანელობს საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი რუკებით.

აქამდე გავრცელებული პოზიციის მიხედვით, აზერბაიჯანული მხარე იკავებს მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო დაპირისპირება პერიოდულად ახლდება.

სომხური მხარის ინიციატივით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის სადავო მონაკვეთებს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

მხარეები პერიოდულად ხსნიან ცეცხლს, რაც ზოგჯერ სრულდება მსხვერპლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი