ახალი ამბები

თბილისობაში, რომელზეც მოქალაქეები ვერ დაესწრებიან, 494 ათასი ლარი დაიხარჯება

6 ოქტომბერი, 2021 • 1366
თბილისობაში, რომელზეც მოქალაქეები ვერ დაესწრებიან, 494 ათასი ლარი დაიხარჯება

„თბილისობის“ ღონისძიებაში, რომელსაც მოქალაქეები პანდემიის გამო ვერ დაესწრებიდან, თითქმის 500 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან.

შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გამოქვეყნდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე.

მანამდე, ჯერ კიდევ სექტემბერში, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, „თბილისობა 2021-ს“ მოქალაქეები ვერ დაესწრებიან. იქნება მხოლოდ პირდაპირ ეთერში გადაცემული კონცერტი და საპატიო თბილისელთა დაჯილდოება.

შესყიდვის დოკუმენტების თანახმად, სწორედ ამ ორ ღონისძიებაში უნდა დაიხარჯოს 498 500 ლარი.

სქრინი შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტიდან. ფოტო: თბილისის მერია

შესყიდვას თან ერთვის კახა კალაძის ბრძანებაც, საიდანაც ვიგებთ, რომ გალა კონცერტი 24 ოქტომბერს ჩატარდება, დეკორირებული სცენა კი მთაწმინდის პარკში მოეწყობა. ეს ღონისძიება დაიგეგმა თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურთან ახლოს  – თბილისის მცხოვრებლებმა არჩევანი კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის 30 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

კახა კალაძის გარდა, შესყიდვაზე მიმაგრებულია ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებაც, სადაც წერია, რომ ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა. აქვე ნათქვამია, რომ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ 20-მდე სოლო შემსრულებელი, ორკესტრი, მუსიკალური ბენდები და ანსამბლები.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მერია ასიათასობით ლარს ხარჯავს კონცერტში, რომელსაც მოქალაქეები ფიზიკურად ვერ ესწრებიან. 491 000 ლარი დაიხარჯა საახალწლო კონცერტშიც, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი