ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდამჭერს რუსთავის ციხესთან კარავი არ გააშლევინეს

5 ოქტომბერი, 2021 • 872
სააკაშვილის მხარდამჭერს რუსთავის ციხესთან კარავი არ გააშლევინეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან კარვის გაშლა სცადა.

როგორც ბადრი ნემსაძე ტელეკომპანია “ფორმულასთან” ამბობს, საქართველოში სააკაშვილის მოწოდების საფუძველზე ჩამოვიდა და ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტი იხდის მსჯავრს, კარვის გაშლა სცადა:

“მე ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის მოწოდების საფუძველზე, როცა მან თქვა, მოგიწოდებთ ყველა ემიგრანტს, ჩამოხვიდეთო” ,— თქვა ბადრი ნემსაძემ ჟურნალისტებთან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხარდამჭერს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს თანამშრომლებმა ციხესთან კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, სად და რა გარემოებებში შემოაღწია საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული ორი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. მის წინააღმდეგ სულ 4 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, აქედან ორზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა, ორზე კი პატიმრობა აქვს მისჯილი.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი