ახალი ამბები

პროკურატურამ ენმ-ის წევრ ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა

5 ოქტომბერი, 2021 • 852
პროკურატურამ ენმ-ის წევრ ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა

მასალა განახლდა 6 ოქტომბერს: მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქველაძეს 4000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მან ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაკავება ხელს არ უშლის საკრებულოს წევრი გახდეს.

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის საკრებულოს წევრობის კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობიდან”, ლაშა ქველაძეს ბრალი სისხლის სამართლის 118-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ-მ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი-ს”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქველაძე 3 ოქტომბერს, არჩევნების შემდეგ დააკავეს.

პროკურატურის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ოჯახმა 4 ოქტომბერს ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ქველაძის დაკავება უკავშირდებოდა 30 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ლაშა ქველაძეს თავს დაესხა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ სადახლოში, როვშან ისკანდაროვი, თუმცა საავადმყოფოში თავად ისკანდაროვი გადავიდა”.

არჩევნების  წინასწარი შედეგებით, ქველაძე საკრებულოს დეპუტატი ხდება. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ არჩევნების შედეგებს უკავშირდება მისი დაკავება.

ფოტო გარეკანზე: Marneuli TV

მასალების გადაბეჭდვის წესი