ახალი ამბები

ხაბეიშვილი სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ვადამდელი არჩევნებისთვის აქციას აანონსებს

5 ოქტომბერი, 2021 • 2026
ხაბეიშვილი სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ვადამდელი არჩევნებისთვის აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

ხაბეიშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე მხარდამჭერებს მოუწოდებს, საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდონ, რის შემდეგაც კონკრეტულ თარიღს დაელოდებიან აქციის გასამართად:

“უნდა დავიწყოთ მზადება დიდი აქციისთვის, სრულიად საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. აქედანვე დავიწყოთ დაორგანიზება, ერთმანეთთან შეხმიანება. მომწერეთ პირადში სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. სრულად მობილიზებულები დაველოდოთ კონკრეტულ თარიღს. ბრძოლა იქნება ბოლომდე. თავისუფლება მიშა სააკაშვილს”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

“ნეტგაზეთი” დასაზუსტებლად დაუკავშირდა ლევან ხაბეიშვილს და ჰკითა, აქციის გამართვა მისი პირადი ინიციატივა იყო, თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ამას, რაზეც ხაბეიშვილმა გვითხრა, რომ აქციას, რა თქმა უნდა, პარტია დააანონსებს.

მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იქნება. “ნეტგაზეთმა” ხაბეიშვილს ასევე ჰკითხა, რამდენად მოდის ეს აქცია თანხვედრაში იმ მიზნებთან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ საჯარო წერილებში იკითხება და მეორე ტურებში ბრძოლას ითვალისწინებს. ამაზე ხაბეიშვილმა გვითხრა, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს:

“ეგ არ უშლის ერთმანეთს ხელს, რომ პარტია მოემზადოს მეორე ტურების გამარჯვებისთვის. პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. მესამე პრეზიდენტმა თავის გასაკეთებელი გააკეთა”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი “ნეტგაზეთთან”.

გუშინ, 4 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნის პერიოდში პარტიის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებებს თავად გააკეთებს.

სამოქმედო გეგმებზე განცხადებებს პარტიის სახელით მე გავაკეთებ – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი