ახალი ამბები

სამოქმედო გეგმებზე განცხადებებს პარტიის სახელით მე გავაკეთებ – მელია

4 ოქტომბერი, 2021 • 972
სამოქმედო გეგმებზე განცხადებებს პარტიის სახელით მე გავაკეთებ – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის პერიოდში პარტიის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებებს თავად გააკეთებს.

ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, ამ გზით პარტია გაუგებრობებს აირიდებს თავიდან. ამის შესახებ მელიამ განცხადება რუსთავის ციხესთან გააკეთა.

“რასაც არ უნდა ცდილობდნენ, რომ შუღლი ჩამოაგდონ ჩემსა და მას შორის, არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ. და პირიქით, ჩემი ადამიანური და პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და ნაციონალურ მოძრაობას, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით თავიდან ავირიდებთ გაუგებრობებს… ორგანიზება და დისციპლინა არის მნიშვნელოვანი ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, რომლის შედეგებმაც ამ ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს მინიმუმ 15-20 წლის თავზე”, – განაცხადა მელიამ.

რუსთავის ციხესთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება. სწორედ აქ არის დაკავებული სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს დააპატიმრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი