ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი აფხაზეთისთვის საფრთხეს ხედავს საქართველოში მიმდინარე სამმხრივ წვრთნებში

5 ოქტომბერი, 2021 • 986
სოხუმი აფხაზეთისთვის საფრთხეს ხედავს საქართველოში მიმდინარე სამმხრივ წვრთნებში

აფხაზეთში კვლავ მღელვარებას იწვევს საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებები. თავდაცვის სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სწავლება ETERNITY 2021-ის გამო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა.

“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს სამხედრო სწავლებებს საშიშ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს, რომელიც საქართველოს სამხედრო ამბიციების გამოვლენას უწყობს ხელს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომ საკუთარ ტერიტორიაზე შექმნას გარკვეული პოლიგონი. ამასთან, აშშ-ის და ნატოს პოტენციალი უკვე არასაკმარისია მისთვის – ბოლო წლებში თბილისი აქტიურად ამყარებს სამხედრო კავშირს ანკარასთან და ბაქოსთან. ასეთმა დაჟინებულმა სამხედრო აქტივობამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შედეგები და რეგიონულ უსაფრთხოებას რეალური საფრთხე შეუქმნას.

აფხაზეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში აქტიური მილიტარიზაციის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში დაიწყო მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.

ოფიციალური ინფორმაციითვე, წელს სწავლების საველე კომპონენტში პირველად მიიღებს მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი. სწავლებაში ასევე პირველად იქნება წარმოდგენილი „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.

“საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცავს, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს”, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი