ახალი ამბები | ,

TI მარნეულში იმ უბნის გაბათილებას ითხოვს, სადაც სავარაუდო კარუსელი დააფიქსირეს

4 ოქტომბერი, 2021 | | 773
TI მარნეულში იმ უბნის გაბათილებას ითხოვს, სადაც სავარაუდო კარუსელი დააფიქსირეს

არასამთავრო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მარნეულის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიის საარჩევნო შედეგების გაუქმებას ითხოვს.

ორგანიზაციის საჩივრის თანახმად, უბანზე რამდენიმე პირმა ხელმეორედ მისცა ხმა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ერთი მათგანი იდენტიფცირებულიც ჰყავთ, იციან მისი სახელი და გვარი. TI-ის თანახმად, ეს პირი ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელია.

მე-13 უბნის კომისიის მდივნის, ქეთევან ბორჯოდაშვილის თანახმად, “დამკვირვებლებმა ვერ წარმოადგინეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მტკიცებულება და მას მსგავსი ფაქტი არ დაუფიქსირებია”.

რა წერია TI-ს სარჩელში 

“როგორც უბანზე მყოფი დამკვირვებელი აღნიშნავს, ორჯერ ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა 13:18 საათზე. უბანზე ერთდოულად რამდენიმე პირი შემოვიდა და ყველა მათგანმა მეორედ მისცა ხმა, თუმცა ყველა მათგანის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

როგორც რიგის მომწესრიგებელმა, ისე კომისიის წევრმა-რეგისტრატორმა, ყველა ზემოაღნიშნული პირი უპრობლემოდ შემოუშვა უბანზე და მისცა სათანადოდ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ბიულეტენი. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პირების უმრავლესობა, რომელთა მხრიდანაც დაფიქსირდა ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტი, ისევ იმყოფებიან უბნის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, უბანზე ხმის მიცემის უფლება მისცეს პირს, რომელსაც მარკირების პროცედურა უკვე გავლილი ჰქონდა”, – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებულ საჩივარში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანახმად, დღის განმავლობაში მიმდინარე დარღვევებისა და საარჩევნო ყუთში ბიულეტენების არაერთხელ ჩაყრის ფაქტის გათვალისწინებით შეუძლებელია უბანზე დადგინდეს ამომრჩევლის თავისუფალი ნება და უნდა გაუქმდეს მიღებული შედეგები.

მსგავსი ფაქტი არ დაგვიფიქსირებია 

ნეტგაზეთი ესაუბრა მარნეულის მე-13 უბნის კომისიის მდივანს, ქეთევან ბორჯოდაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ უბანზე არ დაუნახავს ერთი და იმავე პირების მხრიდან ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი.

“დაწერეს განცხადება [დამკვირვებლებმა], თუმცა არ ჰქონდათ დამადასტურებელი ფაქტები. მე არაფერი დამინახავს და მსგავსი რამ არ ყოფილა [ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი].”

ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ მარნეულის მე-13 უბნის ამსახველ კადრებში, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო, ჩანს, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი, სავარაუდოდ, ორჯერ აძლევს ხმას.


მარნეულის მე-13 უბანზე რეგისტრირებული 1743 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 673-მა მიიღო.

მარნეულის მერობის კანდიდატთა ბიულეტენში 28 ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად. საკრებულოს მაჟორიტარულში – 30, ხოლო პროპორციულში – 29.

უბანზე ყველაზე მეტი ხმა ქართული ოცნებამ ან ქართული ოცნების კანდიდატებმა მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი