ახალი ამბები

მოღალატის პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ, თუმცა საკრებულოებში უმრავლესობას შევკრავთ — კობახიძე

4 ოქტომბერი, 2021 • 4595
მოღალატის პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ, თუმცა საკრებულოებში უმრავლესობას შევკრავთ — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ მისი პარტია უმრავლესობას იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც შეკრავს, სადაც ამისათვის ხმათა საკმარისი ოდენობა ვერ მიიღო. მეორე მხრივ, გამორიცხავს თანამშრომლობას გახარიას პარტიასთან, რომლის წევრთა პოზიციაც, ზოგიერთი საკრებულოს შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება კოალიციის დაკომპლექტების პროცესში.

“მთლიანობაში, “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66%. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 68%-მდეც გაიზრდება.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოებში მიიღო მანდატების 25%, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად – 9%. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“ქართული ოცნება” ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო, თუმცა საბოლოოდ მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება”, — დასძინა მან.

კობახიძის სიტყვებით, ამ მოლოდინებს “აქვს მარტივი მიზეზი”:

“შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქ არიან ახლა წარმოდგენილი მანდატების შესაბამისი რაოდენობით, არიან მოშლის პირას. შესაბამისად, ამ ვითარებაში არ გაგვიჭირდება…”

ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჰკითხეს, ითანამშრომლებს თუ არა “ოცნება” საკრებულოებში გიორგი გახარიას პარტიასთან “საქართველოსთვის”.

“გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, გამორიცხულია თანამშრომლობა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო:

ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს”, — თქვა კითხვის საპასუხოდ კობახიძემ.

მისივე სიტყვებით, მმართველი პარტია “კონკრეტულ საკრებულოს წევრებთან” იმუშავებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში კარგავს უმრავლესობას.

ამ საკრებულოების დიდ ნაწილში უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ხოლო ზუგდიდში უმრავლესობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მფლობელის ვინაობას მეორე ტური გადაწყვეტს, ზოგან კი ის, თუ ვისთან ითანამშრომლებენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები.

5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი