ახალი ამბები

ოჯახის ინფორმაციით, მარნეულში ენმ-ის წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს

4 ოქტომბერი, 2021 • 1355
ოჯახის ინფორმაციით, მარნეულში ენმ-ის წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს

ოჯახის ინფორმაციით, დააკავეს ლაშა ქველაძე, რომელიც მარნეულის საკრებულოს წევრი ხდება ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით.

ნეტგაზეთს ლაშა ქველაძის მამამ, გივი ქველაძემ განუცხადა, რომ გუშინ, 3 ოქტომბრის საღამოს, ის და მისი შვილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა, რის შემდეგაც პოლიციაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, იგი მალევე გამოუშვეს, თუმცა მისი შვილი – არა.

ოჯახის ინფორმაციით, ლაშა ქველაძე დაკავებულია. მათი განცხადებით, “დაკავება უკავშირდება 30 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ლაშა ქველაძეს თავს დაესხა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი, თუმცა საავადმყოფოში თავად ისკანდაროვი გადავიდა”.

არჩევნების  წინასწარი შედეგებით, ქველაძე საკრებულოს დეპუტატი ხდება. ოჯახის ინფორმაციით სწორედ შედეგების გამოცხადების შემდეგ დააკავეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთდება.

შსს-დან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.


ფოტო გარეკანზე: Marneuli TV

მასალების გადაბეჭდვის წესი