ახალი ამბები

მეორე ტურში “ლელო” ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს მხარს

3 ოქტომბერი, 2021 • 1137
მეორე ტურში “ლელო” ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს მხარს

პარტია “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მეორე ტურში პარტია ოპოზიციის მერობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ჯაფარიძემ დღეს, 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ლელოს” კანდიდატები ეყოლება 25 მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მათ შორის თბილისის საკრებულოში პარტიას ეყოლება 2 წევრი, სადაც ფრაქციის შექმნას ფიქრობს. ასევე, ბათუმის საკრებულოში ეყოლება 2 წარმომადგენელი, თუმცა, ჯაფარიძის თქმით, ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარული ოქმის გაუქმებას იმედოვნებენ, რა შემთხვევაშიც “ლელოს” ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი წევრი დაემატება.

“ვაპირებთ მხარი დავუჭირო ოპოზიციურ კანდიდატს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, იგულისხმება მერობის კანდიდატები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში, რადგან ეს ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა, და სულ სხვა გარემოს, ბევრად უფრო ჯანმრთელს, გამჭვირვალეს, ისეთ გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება წინააღმდეგობა გავუწიოთ “ქართული ოცნების” მიერ დანერგილ ნეპოტიზმს, კორუფციას და შევძლოთ ოპოზიციამ ვმართოთ ქალაქები გამჭვირვალედ, ხალხის ჩართულობით, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ყველგან, სადაც მეორე ტურია დანიშნული”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, “ლელოს” მიაჩნია, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია, თუმცა პარტია პარლამენტში და საკრებულოებში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი