ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა, აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთახმებიდან, 43%-იანი დათქმის გარდა, ყველა ასპექტი ძალაში რჩება. ამის შესახებ მან დღეს, 3 ოქტომბერს, განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი შედეგებით ჩანს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 43%-იანი ბარიერი გადალახა.
„[19 აპრილის შეთანხმების] ჩვენ ერთგულნი ვართ, პარლამენტიც და ბატონი მიშელიც, თუმცა იმედგაცრუებაც იყო საკმაო დოზით, მისი მცდელობების შემდეგ. ახლა, როცა შედეგები საბოლოაა … 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები, გარდა 43 პროცენტისა, ძალაში რჩება და, იმედი მაქვს, სასამართლო რეფორმასთან, პარლამენტში თანამშრომლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში სხვა პარტიებიც ან დაუბრუნდებიან, ან შეურთდებიან ამ პლატფორმას”, -აცხადებს გალარი.
ჟურნალისტის დაზუსტებაზე – “ახსენეთ, რომ 43%-იანი ბარიერი გადალახულია, როგორც მე მესმის” – ევროპარლამენტარი პასუხობს, რომ წინასწარი მონაცემები ასეთია.
“ნუ, ამ ეტაპზე არსებული მონაცემები, მგონი, 70%-ზე მეტია დათვლილი, ასე ჩანს. უნდა აღინიშნოს – ჩვენ აქ დამკვირვებლები ვართ და არ ვართ ბედნიერნი თუ უბედურნი შედეგით”, – განაცხადა გალარმა.
შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ხელმოწერის შემდეგ ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა, ერთ-ერთი პუნქტი 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებდა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს მიიღებდა.