ახალი ამბები

„შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს“ — კალაძე მეორე ტურისთვის ემზადება

3 ოქტომბერი, 2021 • 1392
„შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს“ — კალაძე მეორე ტურისთვის ემზადება

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს, 3 ოქტომბერს აცხადებს, რომ ის ემზადება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის კანდიდატმა თქვა, რომ პატივს სცემს ამომრჩევლის ნებას.

კახა კალაძემ პირველ ტურში გამარჯვება ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ, მეორე ტურში ენმ-ის კანდიდატ ნიკა მელიას დაუპირისპირდება.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმას მისცა და ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში.

„ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48- პროცენტიანი შედეგი“, — თქვა კალაძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა — 29 მანდატი მოიპოვა, თუმცა იმის გამო, რომ პირადად ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, მეორე ტურისთვის ემზადება.

“დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი – პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში.

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ!”, — თქვა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

თბილისის მერის არჩევნების II ტური გაიმართება – ცესკოს მონაცემები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი