ახალი ამბები | ,

აბათილებდნენ ბიულეტენს, რომელშიც ნათლად ჩანდა ამომრჩევლის ნება, თუმცა საბოლოოდ ის ჩათვალეს — ენმ

3 ოქტომბერი, 2021 | | 1483
აბათილებდნენ ბიულეტენს, რომელშიც ნათლად ჩანდა ამომრჩევლის ნება, თუმცა საბოლოოდ ის ჩათვალეს — ენმ

განახლება[05:20]: ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აღნიშნულ უბანზე “ქართული ოცნება” იმარჯვებდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოთხოვნა გაითვალისწინეს, კენჭისყრა თავიდან ჩაატარეს და აღნიშნული ბიულეტენი ჩათვალეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისში, დიდუბის მე-8 საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე გააბათილეს ბიულეტენი, რომელშიც ამომრჩევლის ნება ნათლად იყო ასახული.

საუბარია თბილისის მერის არჩევნების ბიულეტენზე. ფოტოზე, რომელიც “ნეტგაზეთმა” ნახა, ჩანს, რომ ყველა კანდიდატის სახელი და გვარი გადახაზულია, #5-ს კი(ნიკა მელია) მკაფიოდ აკრავს წრე.

უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, მარიამ ბალიაშვილის განცხადებით, ბიულეტენი კენჭისყრის შედეგად, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაბათილდა.

“ასეთი რამდენიმე ბიულეტენი გვქონდა. გააბათილეს და ეს ყველაფერი მოხდა კენჭისყრით. კომისიის წევრების უმეტესობამ მისცა ხმა [გაბათილების სასარგებლოდ], რის შემდეგაც აღმოვჩნდით უმცირესობაში. არაერთხელ იყო განხილვა ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა, ამაოდ”, — დასძენს ის.

ბალიაშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენელმა სამამდე ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერეს და ელოდებიან, როდის ჩაიბარებენ აღნიშნულ საჩივრებს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ხსენებული უბნის თავმჯდომარეს, ვლადიმერ მღებრიშვილსაც. მისი თქმით, “რაც გასაბათილებელი იყო, გაბათილდა” და ეს კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდა.

“მე არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ბიულეტენზე მეუბნებით”, — დასძინა მან.

კომისიის თავმჯდომარეს ვუთხარით, რომ შეგვეძლო, გაგვეგზავნა კონკრეტული ბიულეტენის ფოტო და შემდგომ გვესაუბრა. მღებრიშვილმა გვითხრა, რომ დაკავებულია და ამისთვის არ სცალია.

“სადაც საჭიროა, იქ წარადგინეთ საჩივრის სახით და მერე გავივლით ამ ყველაფერს როგორც საჭიროა და სადაც საჭიროა”, — აღნიშნა თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი