ახალი ამბები

ცესკოს განცხადებით, სპეცუბნების ოქმებში დისბალანსზე საუბარი არასწორია

3 ოქტომბერი, 2021 • 1243
ცესკოს განცხადებით, სპეცუბნების ოქმებში დისბალანსზე საუბარი არასწორია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სპეციალური უბნების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსთან დაკავშირებით არასწორია.

ცესკოს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ოქმები სპეციალური უბნებიდანაა, მათ შორის არის  “კოვიდ” უბნები” და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საარჩევნო უბნები:

“წარმოგიდგენთ მაგალითებს, თუ რატომ არ უნდა დაესვას კითხვის ნიშანი აღნიშნული ოქმების სისწორეს. მაგალითად, N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის N86 საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, შედგა სამი სახეობის ოქმი, რომელშიც თითქოს დისბალანსია.

თუმცაღა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ზემოაღნიშნულ უბანზე ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პროპორციულ ოქმში სისწორე დაცულია. ცალსახაა, რომ შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც შედგა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ე.წ. კოვიდ.უბნებზე, დისბალანსი იქნება, ვინაიდან სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლები არ აძლევენ ხმას მაჟორიტარული სისტემით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან”, – აცხადებს თორნიკე გოგისვანიძე.

მისი თქმით, თუ იარსებებს ისეთი ოქმები, რომლებიც შეიცავს ხარვეზს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ სათანადოდ შეისწავლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი