ახალი ამბები

დამკვირვებელი: მარნეულის უბანზე ბიულეტენებს ნაგავში ყრიან

3 ოქტომბერი, 2021 • 1147
დამკვირვებელი: მარნეულის უბანზე ბიულეტენებს ნაგავში ყრიან

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” [HRC] წარმომადგენელი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ მარნეულის 22-ე ოლქში, 65-ე უბანში, კომისიის წევრები ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს ჭმუჭნიან და ნაგავში ყრიან. ამის შესახებ ქობესაშვილმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის წევრების და დამკვირვებლების ნაწილი ასევე გამოირჩეოდა აგრესიით და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლებს და თავად ეკა ქობესაშვილს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“მე ვარ მობილურ ჯგუფში, დამირეკა დამკვირვებელმა, ბიულეტენებს ყრიან ნაგავშიო, მივედი, კონვერტები მთლიანად ძირს ეყარა და ამ კონვერტებში და კონვერტებს შორის იყო დაჭმუჭნილი, დაზიანებული ბიულეტენები დაყრილი, რომელსაც ფეხებით ედგნენ ზედ, რომ არ დაგვენახა. გავქექე ეს კონვერტები, 50-მდე ბიულეტენი ამოვიღე, სადაც ოპოზიციურ პარტიებზე იყო ხმა მიცემული. ასევე სხვა დამკვირვებლებმაც საკმაო რაოდენობის ბიულეტენი ამოიღეს.

ყვირილი, მუქარა, ხელების დაჭერა, მისევა და მობილურის წართმევა, რომ არ გადაეღო ჩვენს დამკვირვებელს და მათ შორის მეც. მე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ჩემთვის უცნობი ორგანიზაციებიდან, ხელები დამიჭირა და ტელეფონს მართმევდა, ძლივს გამოვართვი ტელეფონი. თავმჯდომარე თავისთვის ზის, რეაგირებას არ ახდენს”, – განაცხადა ქობესაშვილმა

ქობესაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა უბანზე შიდა კენჭისყრა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ ბიულეტენებს მხოლოდ თავად დაითვლიდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი ახლოს არ უშვებენ:

“ახლა ჩაატარეს წილისყრა მთვლელების ასარჩევად და მხოლოდ მმართველმა პარტიამ უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობაო, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მისცეს მონაწილეობის უფლება, არ უშვებენ დამკვირვებლებს ახლოს და რას ითვლიან, ყველასთვის უცნობია”, – განმარტა ქობესაშვილმა.

მისი თქმით, ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, რომელმაც დამკვირვებლებს ახსნა-განმარტების დასაწერად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზა და განაცხადა, რომ ადგილზე რეაგირებას ვერ მოახდენდა. თუმცა, ქობესაშვილის თქმით, დამკვირვებლები უბანს ვერ დატოვებენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა აღნიშნული უბნის კომისიის მდივანს, ლალი კახნიაშვილს, რომელმაც ქობესაშვილის განცხადება უარყო და განაცხადა, რომ უბანზე ბიულეტენები არ გადაუყრათ.

“არანაირი ბიულეტენების დაყრა არ მომხდარა. ფოტოები არ ვიცი, საიდან არის”, – განაცხადა კახნიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი