ახალი ამბები

“ოცნებამ” დედაქალაქში პირწმინდად წააგო – მელია IPSOS-ის ეგზიტპოლების შემდეგ

2 ოქტომბერი, 2021 • 1169
“ოცნებამ” დედაქალაქში პირწმინდად წააგო – მელია IPSOS-ის ეგზიტპოლების შემდეგ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია  IPSOS გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების 17.00 საათის მონაცემების მიხედვით მიღებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თბილისში არჩევნები წააგო და საკრებულოს დააკომპლექტებენ ოპოზიციური პარტიები.

ამის შესახებ მელიამ 2 ოქტომბერს, ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ  განაცხადა ჟურნალისტებთან.

“ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირწმინდად წააგო დედაქალაქში. პოლიტიკური ცენტრი, დედაქალაქი, თბილისი წააგო და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, [საკრებულოს] უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი. დაინახეთ და ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში – აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა მელიამ.

მელიამ ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ხმების დათვლის პროცესში მოსალოდნელია მანიპულაციები და საკუთარ მხარდამჭერებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა.

“ყველა ქალაქში და სოფელში ათასობით დამკვირვებელი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და კომისიის წევრი იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის და მათ სჭირდებათ გამხნევება, მათ სჭირდებათ გვერდში დგომა”, – განმარტა მელიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიამ 40.8% აიღო, კახა კალაძემ კი 40.2%. პროპორციული სისტემით კი თბილისში “ქართულმა ოცნებამ” 38.6 % , ენმ-მ კი 33.0 % მიიღო. „მთავარი არხის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „IPSOS-მა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%. მონაცემები ასახავს 17.00 საათის შედეგს.

განსხვავებული მონაცემები აქვს ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს, რომლის მიხედვითაც თბილისში კალაძემ 51.3% აიღო, მელიამ კი -34.6%. საქართველოს მასშტაბით პარტიების მიხედვით კი, “იმედის” თანახმად, “ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ”- 27.1%. „იმედის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „გორბმა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

ჟურნალისტებმა მელიას ჰკითხეს “გორბის” ეგზიტპოლების შედეგების შესახებ, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს მონაცემები არ არის რეალური.

“ბატონ კალაძესთან დაკავშირებით დამისვით კითხვა, მახსოვს ბატონი ნარმანიაც, აწყობილი სცენებიც, მოზეიმე “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებიც და ამის შემდეგ მათი აღიარებაც ამხსოვს, რომ ის შედეგი თურმე არ შეესაბამებოდა რეალობას”, – განაცხადა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი