ახალი ამბები

დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა — პრემიერი

2 ოქტომბერი, 2021 • 754
დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა — პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა საჭიროა თითოეული ადამიანის ხმა.

“დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზება, დესტრუქცია, სიძულევილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. დღეს “ნაციონალური მოძრაობა” — მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო — არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისთვის.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

“ნაციონალურ მოძრაობას” უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს”, — დასძინა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი