ახალი ამბები | , ,

საია მარნეულის მე-7 უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს

2 ოქტომბერი, 2021 | | 432
საია მარნეულის მე-7 უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის მე-7 უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ უბანზე საიას დამკვირვებელმა გამოავლინა ძირითად ყუთში კონვერტების ჩაყრის შემთხვევა. ამ ეტაპზე მათთვის არ არის ცნობილი, კონვერტებში იდო თუ არა ბიულეტენები. შემთხვევაზე საიამ დაწერა საჩივარი და უბნის გადათვლა მოითხოვა.

საიას განცხადების პასუხად კი ცესკოში ამბობენ, რომ ფაქტების გარეშე საუბარი გაუჭირდებათ.

“ფაქტები სჭირდება ყველაფერს, ვარაუდებზე, არასწორ ინფორმაციაზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. გვჭირდება ოფიციალური დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები. წარუდგინონ ეს ინფომრაცია საუბნო საარჩევნო კომისიებს, თუ უბანზე რეაგირება არ იქნება, შეუძლიათ საჩივარი გააკეთონ ზემდგომ კომისიაში. ზეპირად გაგვიჭირდება ამაზე საუბარი, თუ არ გვექნება ვიდეომტკიცებულებები”, – აცხადებენ ცესკოში.

15 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 51 საჩივარი და შენიშვნა დაწერეს. ეს შემთხვევები მოიცავს მარკირების წესების დარღვევას, სადემონსტრაციო ოქმების არასათანადო შევსებას, სათანადო დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გაცვლას წესების დაცვის გარეშე, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას უბნის შიგნით და Covid-19-ის რეგულაციების უგულებელყოფას.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შემუშავებული რეგულაციების ფარგლებში საია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას,  კერძოდ, 100-მეტრიან პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით წესების დაცვას. 

ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვისაც აქტიურად გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი.  მათივე ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით 14 შემთხვევაში დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.  საია აღნიშნავს, რომ ქუთაისში, 63-ე და 90-ე უბანზე გამოძახებული პატრული არ მოსულა,  ხოლო ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიცია არ რეაგირებდა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს. 

არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი  ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი