ახალი ამბები

ინციდენტები საარჩევნო უბნებთან — შსს-ს ბრიფინგი

2 ოქტომბერი, 2021 • 567
ინციდენტები საარჩევნო უბნებთან — შსს-ს ბრიფინგი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყება საუბრობს მედიისთვის ხელის შეშლაზე, კანონის დარღვევით აგიტაციასა და სხვა შემთხვევებზე.

უწყების თანახმად, ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე, მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ბრიფინგზე ისაუბრეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებაზეც. პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

“რაც შეეხება ქალაქ ბათუმში, 64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას”, — დასძენს უწყება.

შსს-ს ცნობით, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების, ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 30-მდე შემთხვევაზე.

“იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, პოლიციის მიერ შეკრებილ მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება.

აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები.

გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის N13-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქე, უბნიდან 20 მეტრში ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიციის მიერ დაჯარიმდა 2000 ლარით”, — აღინიშნა ბრიფინგზე.

შსს-ს განცხადებით, უწყება “აქტიურად თანამშრომლობს” საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, სახალხო დამცველის ოფისთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი