ახალი ამბები

“კომისიის წევრების მიერ წინასწარ შევსებული ოქმი განადგურდება და ახალი გადაეცემათ” – ცესკო

2 ოქტომბერი, 2021 • 1020
“კომისიის წევრების მიერ წინასწარ შევსებული ოქმი განადგურდება და ახალი გადაეცემათ” – ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქუთაისის 124-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ წინასწარ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდება და საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიის წევრებს ახალ შემაჯამებელ ოქმს გადასცემს:

“ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის, სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში.

ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე”, – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი.

ინფორმაცია აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ქუთაისის 124-ე უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს წინასწარ მოაწერეს ხელი.

“ხელმოწერა უკვე არსებობს, მერე რომ მზად იყვნენ და რაღაც ციფრები ჩაწერონ. ეს არის წარმოუდგენელი დარღვევა”, – აღნიშნავს დეკანოიძე.

შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო პროცედურებისა და ხმის დათვლის დასრულების შემდეგ დგება, როდესაც უკვე ცნობილია, რომელმა კანდიდატმა რამდენი ხმა მიიღო და კომისიის წევრები მასში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ. ნეტგაზეთი ცდილობს ამ ინფორმაციის ცესკოსთან გადამოწმებას.

დეკანოიძე: ქუთაისში შემაჯამებელ ოქმი წინასწარ შეავსეს

მასალების გადაბეჭდვის წესი