ახალი ამბები | ,

ცესკო: წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია

2 ოქტომბერი, 2021 | | 7750
ცესკო:  წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

ცესკოს განცხადებით, ამას უჩვენებს 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და როგორც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში გამართული, ისე იმიტირებული არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, 2014 წელს, როდესაც არჩევნებში 24 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, პირველადი, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 6 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა, 2017 წელს კი არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა და მონაცემების გამოქვეყნება 7 საათსა და 20 წუთში გახდა შესაძლებელი.

ცესკოში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა:

“3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება დაიწყება, რაც გარკვეულწილად ასევე ზრდის დათვლის პროცედურების ხანგრძლივობას. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge”, – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცესკოს თქმით, ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი:

“შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის არჩევნები, სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით, გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014წ., 2017წ.) მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე ,საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი”, – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს, გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი