ახალი ამბები

„ფორმულას“ ჟურნალისტზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს

2 ოქტომბერი, 2021 • 950
„ფორმულას“ ჟურნალისტზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს

ზუგდიდში „ფორმულას“ ჟურნალისტზე, სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ ჟურნალისტმა უთხრა, თავად დარეკა პოლიციაში, რის შემდეგაც მასთან ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გამოკითხეს და უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს, თუმცა მუხლი არ დაუზუსტებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოგვიანებით ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო“.

154-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ისჯება:

  • ან ჯარიმით;
  • ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-140 საათით;
  • ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი;
  • ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

„ფორმულას“ ჟურნალისტს ზუგდიდში არჩევნების გაშუქებისას ერთ-ერთ უბანზე ელექტროშოკით დაემუქრნენ.

ჟურნალისტ სალომე ჩადუნელის თქმით, ზუგდიდის 84-ე უბანთან, – სადაც, ენმ-ის ცნობით, „კარუსელს“ გეგმავდნენ, – მყოფმა პირმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

რეპორტიორის ცნობით, აღნიშნულმა პირმა თქვა, რომ იყო დავით ქირია, ფეხბურთელი. იგი ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს ეკამათებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტელევიზიებმა გადაღება დაიწყეს, გაღიზიანდა.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ჩადუნელი ამბობს, რომ ქირიამ ელექტროშოკი აქტიურ მდგომარეობაში მოიყვანა და დაემუქრა, შემდეგ კი ტვ პირველის ოპერატორს წყლის ბოთლი ესროლა. ამასთან, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს.


2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მერს ირჩევენ. ამასთან, ირჩევენ 64 საკრებულოს 2 068 წევრს შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული წესით. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345-ია.

ზუგდიდში, 67-ე ოლქში, – რომელიც ქალაქსა და გარეუბნებს მოიცავს, – 109 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან:

„ქართული ოცნებიდან“ – მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, გიორგი გახარიას პარტიიდან – ყოფილი მერე გეგა შენგელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ილია ჩაჩიბაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი