ახალი ამბები

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 48-ე უბანზე

2 ოქტომბერი, 2021 • 1341
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 48-ე უბანზე

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მუმლაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს აჯიმურად მურადოვს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა სოფელ ყიზილაჯლოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან,“ ჯეიჰუნ ჩოიდაროვი.

მურადოვი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ენმ-ისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის, ადგილზე მისული, პარლამენტში მარნეულის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი.

ზაურ დარგალის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პროვოკაციებს აწყობენ, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას არჩევნებზე“.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ნეტგაზეთი შსს-ში არკვევს, მომხდართან დაკავშირებით არიან თუ არა დაკავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი