ახალი ამბები

ფორმულას ჟურნალისტს ზუგდიდში გაშუქებისას ელექტროშოკით დაემუქრნენ

2 ოქტომბერი, 2021 • 1366
ფორმულას ჟურნალისტს ზუგდიდში გაშუქებისას ელექტროშოკით დაემუქრნენ

„ფორმულას“ ჟურნალისტს ზუგდიდში არჩევნების გაშუქებისას ერთ-ერთ უბანზე ელექტროშოკით დაემუქრნენ.

ჟურნალისტ სალომე ჩადუნელის თქმით, ზუგდიდის 84-ე უბანთან, –  სადაც, ენმ-ის ცნობით, „კარუსელს“ გეგმავდნენ, – მყოფმა პირმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

რეპორტიორის ცნობით, აღნიშნულმა პირმა თქვა, რომ იყო დავით ქირია, ფეხბურთელი. იგი ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს ეკამათებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტელევიზიებმა გადაღება დაიწყეს, გაღიზიანდა.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ჩადუნელი ამბობს, რომ ქირიამ ელექტროშოკი აქტიურ მდგომარეობაში მოიყვანა და დაემუქრა, შემდეგ კი ტვ პირველის ოპერატორს წყლის ბოთლი ესროლა. ამასთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს.

„ფორმულას“ რეპორტიორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა, შსს მას ჯერ არ დაკავშირებია გამოკითხვის მიზნით.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვნით, დაიწყეს თუ არა ინციდენტის გამოძიება. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მერს ირჩევენ. ამასთან, ირჩევენ 64 საკრებულოს 2 068 წევრს შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული წესით. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345-ია.

ზუგდიდში, 67-ე ოლქში, რომელიც ქალაქსა და გარეუბნებს მოიცავს, 109 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან:

„ქართული ოცნებიდან“ – მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, გიორგი გახარიას პარტიიდან – ყოფილი მერი გეგა შენგელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ილია ჩაჩიბაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი