ახალი ამბები

ნაც.მოძრაობა ზუგდიდში „კარუსელსა“ და სხვა დარღვევებზე საუბრობს

2 ოქტომბერი, 2021 •
ნაც.მოძრაობა ზუგდიდში „კარუსელსა“ და სხვა დარღვევებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის „კარუსელის“ მცდელობა, რასაც მმართველ გუნდში უარყოფენ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ზუგდიდის 67-ე ოლქის 92-ე უბანზე, სოფელ უჩაშონაში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ამომრჩეველთა ფოტოებიანი სიები ჰქონდათ, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

ფოტოებზე, რომლებიც პარტიამ გაავრცელა, ჩანს ავტომობილი, სანომრე ნიშნებით KI-205-II, რომელიც 92-ე უბნის სიახლოვესაა გაჩერებული, რომელშიც ამომრჩეველთა სიები ჩანს.

„ქართული ოცნების შტაბი ცდილობს, დააორგანიზოს ზუგდიდში კარუსელი ყველა უბანზე“, – განაცხადა ანა წითლიძემ ბრიფინგზე პარტიის ოფისში.

მისი განცხადებით, „ოცნების“ წარმომადგენლები „კარუსელის“ ორგანიზებას ცდილობდნენ 84-ე და 81-ე უბნებზე, თუმცა პარტიის წარმომადგენლებმა ეს მცდელობა აღკვეთეს.

„კარუსელი“ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. ეს პრაქტიკა გულისხმობს წინასწარ შერჩეული ამომრჩევლისთვის გამზადებული, უკვე შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენის მიცემას უბანზე შესვლამდე; უბანზე შესვლის შემდეგ პირი იღებს ახალ, ცარიელ ბიულეტენს, შედის ხმის მიცემის კაბინაში, ინახავს ცარიელ ბიულეტენს, უკვე შევსებულს კონვერტში დებს და საარჩევნო ყუთში აგდებს, ცარიელი ბიულეტენი კი უბნიდან გამოაქვს, რის შემდეგაც „კარუსელის“ ორგანიზატორი/განმახორციელებელი ახლა უკვე ამ ახალ ცარიელ ბიულეტენს ავსებს წინასწარ და სხვა ამომრჩეველს აძლევს. პროცესი ასე გრძელდება.

„ქართული ოცნების“ პასუხი

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ ადგილობრვი შტაბსაც, საიდანაც მოგვაწოდეს პარტიის ზუგდიდის ოფისის ლიდერის, მერაბ ქვარაიას კომენტარი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და „აბსურდულს“ უწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობის ამ განცხადებებში არაფერია მოულოდნელი, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ მათ მხოლოდ და მხოლიდ დარჩენიათ, კონსპირაციის თეორიებზე, გაყალბების მცდელობებზე ისაუბრონ“, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

„ერთადერთი რეალური სურათი, რაც არსებობს და რაც დღის განმავლობაში იქნება, ეს არის გამჭვირვალე, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების შესაძლებლიბა“, – განაცხადა მან.

ზუგდიდის ოლქი

პირველ ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მერს ირჩევენ. ამასთან, ირჩევენ 64 საკრებულოს 2 068 წევრს შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული წესით. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345-ია.

ზუგდიდში, 67-ე ოლქში,  რომელიც ქალაქსა და გარეუბნებს მოიცავს, 109 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან:

„ქართული ოცნებიდან“ – მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, გიორგი გახარიას პარტიიდან – ყოფილი მერი გეგა შენგელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ილია ჩაჩიბაია.

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა დილით განაცხადა, რომ ყველა უბანი დროულად, შეფერხებების გარეშე გაიხსნა და „მშვიდობიანი საარჩევნო გარემო ფიქსირდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი