ახალი ამბები

კვლავ შეინიშნება უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება – ISFED

2 ოქტომბერი, 2021 • 638
კვლავ შეინიშნება უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება – ISFED

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”(ISFED), 2 ოქტომბრის 10 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 18 საჩივარი დაწერა.  ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის კვლავ შეინიშნება და პრობლემურია საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. მათივე ცნობით, ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.

მისივე თქმით, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის წინა არჩევნებთან შედარებით გაუარესებული მონაცემი იყო ის, რომ ზუსტად 8 საათზე გახსნისთვის მზად იყო უბნების მხოლოდ 75%.

10 საათის მონაცემებით,  კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (3) 

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #41-ე საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“  დამკვირვებელს არ მისცეს საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალება. კომისიამ მას განუმარტა, რომ უბანზე შეუშვებდნენ წილისყრის პროცესის დასრულების შემდეგ;
  • #6  სამგორის საარჩევნო ოლქის  #31-ე უბანზე, დილის 7 საათიდან კარი დაკეტილი იყო და დამკვირვებელს არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება;
  • #5 ისნის #31 საარჩევნო უბანზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი წილისყრის პროცედურების დასრულებამდე უბანზე არ შეუშვეს. ამავე უბანზე კომისიის მდივანმა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშულება არ მისცა.

წილისყრის წესის დარღვევა (3) 

  • დმანისის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად ჩატარებული წილისყრა დარღვევით წარიმართა, კერძოდ, გადაკეცილ ფურცლებზე, სადაც მითითებული იყო ფუნქცია-მოვალეობები, არ ერტყა კომისიის ბეჭედი. მითითების მიუხედავად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევა არ აღმოფხვრა;
  • #80 ქედის #5 საარჩევნო უბანზე  ნაკადის მომწესრიგებელმა საარჩევნო კოდექსის დარღვევით უარი განაცხადა მისთვის წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. თავმჯდომარემ მოვალეობის შესრულება, კანონის თანახმად,  კომისიის სხვა წევრს დააკისრა;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ოთხი რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად წილისყრა არ ჩატარდა, მაშინ, როდესაც საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრების რაოდენობა თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის გარდა ექვსი იყო. თავმჯდომარის მითითებით ორმა წევრმა უარი თქვა რეგისტრატორის წილისყრაში მონაწილეობაზე და წილისყრის გარეშე დანიშნა რეგისტრატორი კომისიის წევრები. დამკვირვებლის მიერ დარღვევაზე ზეპირი მითითების მიუხედავად, თავმჯდომარემ უარი განაცხადა დარღვევის აღმოფხვრაზე.

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები 

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე  #5 რეგისტრატორს  გადაეცა პაკეტად შეკრული ბიულეტენების დასტა, რომლის ოდენობა ნაცვლად  50-ისა შეადგენდა 53-ს;
  • #3 საბურთალოს სარჩევნო ოლქის # 80-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება 1326 ამომრჩეველი, თუმცა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ხუთი რეგისტრატორის ნაცვლად ფიქსირდება 4. 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება (2)

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #63-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა 2 ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ერთი სახის ბიულეტენი. ამომრჩეველმა ერთი მათგანი უკან დააბრუნა.

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევა 

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის  #36 საარჩევნო უბანზე დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო დაგვიანებით, 10 ამომრჩევლის მიღების შემდეგ;
  • #54 სამტრედიის სარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე, წინასწარ შეივსო საკონტროლო ფურცელი და სამივე საკონტროლო ფურცელი მოთავსდა ძირითად ყუთში.

სარჩევნო სიასთან დაკავშირებული ხარვეზები (1) 

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ. 

უბნის სიახლოვეს ამომრჩევლის  აღრიცხვა (1)

  • #66  ხობის საარჩევნო ოლქის #25 უბანთან 25-30 მეტრის რადიუსში დაუდგენელი პირები ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. 

ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროცესის ხარვეზი

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #32 სარჩევნო უბანზე ელექტრონული ბიულეტენების მიმღებ აპარატთან დაკავშირებით ტექნიკური ხრვეზი დაფიქსირდა.  ადგილზე გამოცხადდა ტექნიკური ჯგუფი და გაუმართაობის გამო აღნიშნული აპარატი მოხსნა.

საჩივრები, განცხადებები

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 8 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 10 საჩივარი. 4 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.


ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგება 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათავო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი). 

არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation – PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი