ახალი ამბები

კობახიძე ამბობს, რომ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

2 ოქტომბერი, 2021 • 1038
კობახიძე ამბობს, რომ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იცოდა მისი საქართველოში ყოფნის შესახებ.

“ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.

რაც შეეხება სპეცოპერაციას – მას აქვს თავისი წესები. კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული და ეს იყო დაცული, რაც  ოპერაციის წარმატების საფუძველი გახდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იცოდა [დაკავებაზე], [თუმცა] ოპერაცია არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2 ოქტომბერს.

კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა 18 წლის მანძილზე “არ დაასვენა ქვეყანა”:

“რა თქმა უნდა,  როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს არის მძიმე მოვლენა. მაგრამ სააკაშვილი არის პიროვნება, რომელმაც 18 წელი არ დაასვენა ქვეყანა. 9 წელი, როცა ის იყო ხელისუფლებაში და 9 წელი- ოპოზიციაში, როცა არ დაასვენა ქვეყანა.  ის ჩამოვიდა იმისათვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალების შესახებ და სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ღონე”.

“სააკაშვილი არის ციხეში – ეს არის მთავარი”, – დასძინა მან.

პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ცნობა და ვიდეოები საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, კობახიძემ არაერთი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი