ახალი ამბები

სააკაშვილი სანდრა რულოვსს დაშორდა და ახალი ოჯახი აქვს

1 ოქტომბერი, 2021 • 14265
სააკაშვილი სანდრა რულოვსს დაშორდა და ახალი ოჯახი აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ახალი ოჯახი აქვს. ამის შესახებ თავის პარტნიორთან, უკრაინელ პოლიტიკოს ლიზა იასკოსთან ერთად საუბრობს. ვიდეო ფეისბუკზე იასკომ დღეს, 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დააკავეს.

“მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ერთად ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს.

მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ყველასი და, რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვოთ ბედნიერება ისევე, როგორც გვისურვონ ბედნიერება ჩვენც” — ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც ლიზა იასკომ თავის ფეისბუკგვერდზე დღეს, 1 ოქტომბერს  გამოაქვეყნა.

ლიზა იასკო უკრაინელი პოლიტიკოსია. ის უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატია.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებას ფეისბუკზე გამოეხმაურა მისი ყოფილი ცოლი და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც დაწერა:

“მან შეასრულა თავისი დაპირება! მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა, რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება. ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი- ყველა რეფერენდუმზე!!

მიშა გამარჯვებულია!”


მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრის დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს, ასევე, მასთან ერთად ხომ არ დაუკავებიათ კიდევ სხვა პირი/პირები.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი