ახალი ამბები

სააკაშვილს ბრალს საზღვრის უკანონო კვეთისთვისაც წაუყენებენ

1 ოქტომბერი, 2021 • 1291
სააკაშვილს ბრალს საზღვრის უკანონო კვეთისთვისაც წაუყენებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალს წაუყენებენ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაც. ამის შესახებ დღეს, 1 ოქტომბერს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება  მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები”, — პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თქვა უწყების წარმომადგენელმა, ჯარჯი წიკლაურმა.

წიკლაურმა ასევე ისაუბრა საქმეებზე, რომელთა დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული, ასევე, მისჯილი აქვს რამდენიმეწლიანი პატიმრობა.


მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრის დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს, ასევე, მასთან ერთად ხომ არ დაუკავებიათ კიდევ სხვა პირი/პირები.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი