ახალი ამბები

შეიძლება დამაკავონ ახლა, თბილისში — სააკაშვილის განცხადება, სავარაუდოდ, დაკავებამდე

1 ოქტომბერი, 2021 • 890
შეიძლება დამაკავონ ახლა, თბილისში — სააკაშვილის განცხადება, სავარაუდოდ, დაკავებამდე

მიხეილ სააკაშვილის პირად ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა მისი 13-წამიანი აუდიოგანცხადება, სადაც სააკაშვილი ამბობს:

„მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“.

აღნიშნული განცხადება გამოქვეყნებულია 20:22 საათზე. აღნიშნულს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ დაკავებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აუდიოგანცხადების შემდეგ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ასევე გამოქვეყნდა ვიდეომიმართვაც, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს პრაქტიკულად იგივეს და ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მე ვარ ძალიან მტკიცედ და მედგრად. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“ ,— ამბობს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც, წინა ვიდეოებისგან განსხვავებით, დღის შუქზე, სავარაუდოდ, თბილისშია გადაღებული.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

ჯერჯერობით ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს, ასევე, მასთან ერთად ხომ არ დაუკავებიათ კიდევ სხვა პირი/პირები.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი