ახალი ამბები

პრეზიდენტი მმართველ გუნდსა და ენმ-ს აკრიტიკებს

1 ოქტომბერი, 2021 • 646
პრეზიდენტი მმართველ გუნდსა და ენმ-ს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სიმშვიდე სჭირდება, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღია, სამართლიან და თავისუფალ გარემოში.

ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოშია. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მართალია თუ ტყუილი, ეს თემა არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ გარემოს და ზრდის პოლარიზაციას:

“ვინც  ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება და რასაც საზოგადოება ელოდება:

“კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში  სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა,  წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა  პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით:

“პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია. საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე  არცერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენს საზოგადოებას კარგად  გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება მიდიოდეს  ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია.

სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუკი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო, მჯერა, არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე  მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ. ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ”, – ამბობს ზურაბიშვილი.

დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი