ახალი ამბები

“ოცნება” ხმების პარალელურ დათვლას გეგმავს

1 ოქტომბერი, 2021 • 1071
“ოცნება” ხმების პარალელურ დათვლას გეგმავს

“ქართულმა ოცნებამ” „საარჩევნო პორტალი 2021“ შექმნა, სადაც არჩევნების მიმდინარეობასთნ დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდება.

“ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით „საარჩევნო პორტალი 2021“ – სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge. ამ პორტალზე განთავსებული იქნება ამომრჩეველთა აქტივობა. იცით, რომ სხვადასხვა დროს ცესკო აცხადებს ოფიციალურად მომსვლელთა რაოდენობას.

მათ შორის, იქნება ბოლო სამი არჩევნების მონაცემები და აქედან გამომდინარე, გარკვეული წინასწარმეტყველება, რამდენი იქნება, სავარაუდოდ, გამოცხადებული შემდეგ დროებში”, — განაცხადა “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აღირიცხება ყველა ინციდენტი, რომელიც მოხდება არჩევნების დღეს უბნებზე.

“ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე ჩაატარებს ხმების პარალელურ დათვლას ყველა უბანზე. იცით, რომ უბანზე როდესაც ხდება ბიულეტენების დათვლა და დგება ოქმი, ამ ოქმს გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ აღმოჩნდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ- ცესკოში და გამოქვეყნდეს.

იცით, რომ პარტიებს ოქმების ასლი ეძლევათ, ამიტომ, იმ ოქმებს იმ მომენტშივე შევიყვანთ ბაზაში და ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება, პარალელური დათვლის მეშვეობით უფრო ადრე გაიგოს შედეგები და ადევნოს თვალი სხვადასხვა უბნის მონაცემებს. ეს მოგვცემს საშაულებას, რამდენიმე საათით ადრე დავასწროთ ცესკოს”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ხვალ, 2 ოქტომბერს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი