ახალი ამბები

სააკაშვილი, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოშია — ხაბეიშვილი

1 ოქტომბერი, 2021 • 1757
სააკაშვილი, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოშია — ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოშია.

“მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა. კონკრეტულ დღეს, რიცხვს, საათს ნამდვილად ვერ გეტყვით, არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით. რა მნიშვნელობა აქვს, საიდან შემოვიდა, ადამიანი არის საქართველოში და ფაქტია, რომ მოსახლეობას მოუწოდა 2-ში არჩევნებზე იმისთვის, რომ 3-ში ყველამ ერთად აღვნიშნოთ და ნახავთ [სააკაშვილს] დღისით, მზისით”, — განაცხადა ხაბეიშვილმა “ფორმულას” ეთერში.

მისი თქმით, ენმ 3 ოქტომბერს გეგმავს ამომრჩევლის მობილიზებას “გამარჯვების დღის აღსანიშნავად”.

დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი